დიადია ჯვრის საიდუმლოს ძალა, რომელმაც ბნელისაგან გამოიყვანა და საუკუნო ნათელს აზიარა ადამიანი, რომელმაც გვასწავლა სიმართლე ღვთისა, სიყვარული და მშვიდობა. "ჯუარი იქადაგების და სარწმუნოებაი განმრავლდების, და ჭეშმარიტებაი ყოველსა სოფელსა მოეფინების; ჯუარი იქადაგების და მარტვილნი გამოჩნდებიან, და ქრისტეისა სარწმუნოებით განძლიერდებიან; ჯუარი იქადაგების, და აღდგომაი იჩინების, და ცხოვრებაი გამობრწყინდების; ჯუარი იქადაგების და ურწმუნონი მოიქცევიან და ცხოვრებასა მიემთხუევიან".
ადამიანმა ჯვრის სასწაულებრივი ძალა და საოცარი მადლი ღრმად უნდა გააცნობიეროს თავისივე სულის ცხონებისათვის, რადგან სწორედ ცხონებისა და მარადიული სიცოცხლისათვის აღემართა ჯვარი, აღემართა, რათა დაითრგუნოს სიკვდილი და მთელი ქვეყნიერება ჭეშმარიტებით აღავსოს.
წმინდა კირილე იერუსალიმელი ამგვარ გალობასა და სადიდებელს აღავლენს ჯვრის მიმართ:
"გიხაროდენ, ძელო, ცხოვრების მომცემელო, გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ მოგუემადლა სიხარული, რომელი აღმოსცენდების მარადის ცათა შინა და ქუეყანასა ზედა...
გიხაროდენ, ჰოი, ჯუარო საქებელო, შენ მიერ განთავისუფლდა ადამ წყევისა მისგან და მხიარული და განახლებული კუალად სამოთხედვე შევიდა და მოიღო პირველივე იგი ნეტარებაი...
ჯუარი სიხარული არს ანგელოზთაი და მწუხარებაი ეშმაკთაი. ჯუარი სასუფეველი არს ეკლესიათაი და დამამხობელი საკერპოთაი".

ქრისტეს ყველა საქმე და სასწაულთქმედება უდიადესია, საღვთოა და საკვირველი, მაგრამ უფრო საკვირველია მისი პატიოსანი ჯვარი, რადგან სხვა არაფრის მიერ არ შემუსრვილა სიკვდილი, არ გაუქმებულა წინამამის შეცოდება, არ წარტყვევნილა ჯოჯოხეთი, არ მონიჭებულა აღდგომა, არ მოგვცემია ძალა იმისა, რომ უგულებელგვეყო ამჟამინდელი და თვით სიკვდილიც, არ განხორციელებულა დასაბამიერი ნეტარებისკენ ზეასვლა, არ განხმულა სამოთხის კარნი, არ დამჯდარა ჩვენი ბუნება ღვთის მარჯვნივ, არ გავმხდარვართ ღვთის შვილები და მემკვიდრეები, თუ არა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ჯვრის მიერ, რადგან ეს ყოველივე ჯვრისგან განხორციელდა. მოციქული ამბობს: "რომლებმაც კი ნათელვიღეთ ქრისტეს მიმართ, მისი სიკვდილის მიმართ ნათელვიღეთ" (რომ. 6,3) და "რომლებმა ქრისტეს მიმართ ნათელვიღეთ, ქრისტე შევიმოსეთ" (გალატ. 3,27), ხოლო ქრისტე არის ღვთის ძალა და სიბრძნე" (I კორ. 1,24). აჰა, ქრისტეს სიკვდილმა ანუ ჯვარმა ღვთის ჰიპოსტასური სიბრძნე და ძალა შეგვმოსა, ხოლო ღვთის ძალა არის სიტყვა ჯვრისა, და ეს ან იმიტომ, რომ ღვთის შემძლეობა ანუ სიკვდილის წინააღმდეგ მძლეობა ჯვრის მიერ გამოგვიჩნდა ჩვენ, ანდა იმიტომ, რომ როგორც ჯვრის ოთხი წვერი შუა ცენტრის მიერ არის შემაგრებული და თანაშემჭიდროებული, ამგვარადვეა შემტკიცებული ღვთის ძალის მიერ სიმაღლე და სიღრმე, სიგრძე და სიგანე ანუ მთელი ხილული და უხილავი ქმნილება.
სწორედ ჯვარი მოგვეცა ჩვენ ნიშნად შუბლზე, როგორც ისრაელს - წინადაცვეთა, რადგან ამ ნიშნით შევიცნობით მორწმუნეები და ვემიჯნებით ურწმუნოებს. იგია ფარი, საჭურველი და ძლევის ნიში ეშმაკის წინააღმდეგ. იგია ბეჭედი, რომ არ შეგვეხოს "მომსპობი", როგორც ამბობს წმინდა წერილი (გამოსვლ. 12,21). იგია მდებარეთა აღდგომა, მდგომარეთა სიმყარე, უძლურთა კვერთხი, სამწყსოს არგანი, მოქცეულთა შემწეობა, წარმატებულთა სისრულე, სულისა და სხეულის ხსნა, ყოველგვარ ბოროტებათა უკუმქცევი, ყოველგვარ სიკეთეთა მომნიჭებელი, ცოდვის აღმოფხვრა, ნერგი აღდგომისა, საუკუნო ცხოვრების ხე.

პატიოსანი ჯვარი წინაგამოსახა ცხოვრების ხემ, სამოთხეში ღვთის მიერ დანერგილმა (ეს იმიტომ, რომ რადგან ხისგან იყო სიკვდილი, ხის მიერვე უნდა მონიჭებულიყო სიცოცხლე და აღდგომა). იაკობმაც, როდესაც თაყვანი სცა კვერთხის წვერს და შენაცვლებული ხელებით აკურთხა იოსების ძენი, უცხადესად გამოსახა ჯვრის ნიშანი, ისევე როგორც: ზღვაზე ჯვრისსახოვნად დარტყმულმა მოსესეულმა კვერთხმა, ისრაელის მხსნელმა, ხოლო ფარაონის ჩამძირველმა, აგრეთვე ჯვრისსახედ გაწვდილმა ხელებმა (ამალეკსაც რომ სძლიეს), ძელით დამტკბარმა მწარე წყალმა, გაპობილმა კლდემ და გადმოღვრილმა ნაკადულებმა, კიდევ კვერთხმა, აარონისათვის მღვდელთმთავრობის ღირსებად წარმოჩენილმა. დიდი მოსე ღაღადებს: "იხილეთ თქვენი სიცოცხლე, დამოკიდებული ძელზე თქვენს თვალთა წინაშე" (მე-2 სჯ. 28,66). ესაიაც ამბობს: "მთელი დღე გაწვდილი მქონდა ჩემი ხელები ურჩი და მოდავე ხალხის მიმართ" (ესაია 65,2). ვინც თაყვანს ვცემთ, ვეღირსოთ ჯვარცმული ქრისტეს ნაწილს, ამინ!
ლევან მათეშვილმა