"მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა
მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა
და თეთრი ზოლი შორის მთებისა
ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა.
არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!..
მშობელი შობილს არრას მეტყოდა,
ზოგჯერ-კი ტანჯვით ამოძახილი
ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა!
ვიდექ მარტოკა და მთების ჩრდილი
კვლავ ჩემ ქვეყნის ძილს ეალერსება,
ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!"
ილიას ამ ლექსის პირველად წაკითხვისას გიჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება ერმა ჩაიძინოს, ერთეულთა ძილი ერის ჩაძინებას ხომ არ ნიშნავს. თურმე, შეიძლება. სამწუხაროდ, ჩვენს სამშობლოს თავისი არსებობის ისტორიაში არაერთხელ დასდგომია ,,ჩაძინების ხანა". ქვეყნის ბედზე პასუხისმგებლობის გრძნობადაკარგული ერის მართვა სულაც არაა ძნელი, საითაც გინდა, იქით მიატრიალებ, ხმის ამომღები თითქმის აღარავინაა. ჟამთა სიავით ჩაძინებულ ერს უფალი მხსნელად მოუვლენდა ხოლმე ისეთ პიროვნებას, რომელიც გამოაღვიძებდა და უკეთესი მომავლისათვის ბრძოლაში გაიყოლებდა ხალხს. ილია ჭავჭავაძე სწორედ ასეთი რჩეული პიროვნებაა. ილიამდეც ეძინა ქართველ ერს. იოანე ხელაშვილს სწერს: გუშინ "ჟამსა განთიადისასა" თბილისში მიწა ისე ძლიერ იძრა, რომ ყველა გააღვიძა და ლოგინიდან წამოყარა, მაგრამ "გაღვიძება ესე" მხოლოდ ფიზიკური იყო. სულიერად ქართველებს ისე ღრმად სძინავთ, რომ ვშიშობ, მათ ვერანაირი მიწისძვრა ვერ გამოაღვიძებსო.
ილია ჭავჭავაძემ იტვირთა ის, რაც მაშინდელი საქართველოსათვის ყველაზე მთავარი იყო - ერის გამოფხიზლება. ერი უნდა გამოსულიყო ლეთარგიული ძილიდან და მოქმედება დაეწყო. ქართველები ახლა ახალ ვარსკვლავს უნდა გაჰყოლოდნენ და ახალი მყოფადი უნდა ეშვათ. მომდევნო ეტაპი კი გამოფხიზლებული ერის ცხოვრებისა და მოქმედების განათლებასა და სამეცნიერო საფუძველზე დამკვიდრება იყო.

სამწუხაროდ, ბოლო დროს, ჩვენს ქვეყანაში საპირისპირო ფასეულობების დამკვიდრებას ეწყობა ხელი, ჩვენ კი ძილ-ბურანში მყოფნი გულგრილად ვეგუებით ამას და თავს ასე ვიმართლებთ: გლობალიზაციამ, დრომ მოიტანაო.
სანამ თითეული ჩვენგანი ქვეყნის ბედზე პასუხისმგებლად არ ჩავთვლით თავს, არაფერი გვეშველება. სამშობლო პასუხისმგებლობაა, ჩვენს მამა-პაპას იმიტომ არ დაუღვრია წმინდა სისხლი, რომ შთამომავლობა გულხელდაკრეფილი შევყურებდეთ ქვეყნის განიავებას და საპასუხოდ არაფერს ვაკეთებდეთ. სადღაც ამოვიკითხე: ისტორია წინაპრების მიერ ჩვენთვის დანატოვარი ანდერძია, "თქვენც ასე მოიქეცითო". დღეს თავს ასე ვიმართლებთ: აბა, ჩვენ რა შეგვიძლია, ჩვენ ხომ არა ვართ დავით აღმაშენებლები, თამარ დედოფლები, ბაგრატ მეფეები... ჰო, მაგრამ ასე რომ ეფიქრათ წმინდა ილია მართალს, წმინდა ექვთიმე ღვთისკაცს, მოწამე კათოლიკოსებს: ლეონიდეს, კირიონს, ამბროსისა და სხვებს, განა იარსებებდა დღეს საქართველო? მათ შეძლეს, რადგან უყვარდათ.
დღესაც ვციტირებთ ილია მართლის სიტყვებს: ,,ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!", ოღონდ ძილ-ბურანში.