ავტომობილის ისტორია
ბიჭებს, ალბათ, ძალიან გიყვართ სათამაშო ავტომობილებით თამაში. ვიცი, ბევრ თქვენგანს ერთი სულ აქვს, დიდი როდის გაიზრდება, რომ უკვე საკუთარი ავტომობილი მართოს.
გაგიმხელთ: მხოლოდ ბიჭებს კი არა, ჩემს თანატოლ გოგონებსაც ძალიან უყვართ ავტომანქანები... რადგან ავტომობილი ყველას ასე გვაინტერესებს, გადავწყვიტე, დღეს მისი ისტორია მოგითხროთ.ბავშვებო, ას წელზე მეტია, რაც ავტომობილი არსებობს. სიტყვა "ავტომობილი" ორი ნაწილისგან შედგება: ბერძნული "ავტო" ნიშნავს - "თვით", ხოლო ლათინური "მობილე" - "მოძრავს". მთლიანად კი ითარგმნება, როგორც "თვითმავალი".
პირველი ავტომობილი 1770 წელს ფრანგმა ნიკოლა კიუნომ შექმნა, მაგრამ ეს მხოლოდ იმ მანქანის წინამორბედი იყო, რომელიც კარლ ბენცმა მთელი საუკუნის შემდეგ ააწყო. მანამდე, თურმე, ტვირთი ძირითადად ცხენებით გადაჰქონდათ და ადამიანებიც ცხენებით გადაადგილდებოდნენ.

ბავშვებო, პირველ ავტომობილებს, ისევე როგორც სახლს, თურმე ერთ ადგილას აწყობდნენ. ამერიკელმა ჰენრი ფორდმა კი მანქანების კონვეიერებზე - მოძრავ ლენტებზე აწყობა დაიწყო. ამ სიახლემ განაპირობა ავტომობილების გაცილებით მეტი რაოდენობით გამოშვება. დღეს მსოფლიოში წელიწადში ოთხ მილიონ მანქანას უშვებენ.