"ვინ მორბის, ვინ მოხტის? სკუპ, სკუპ, სკუპ..."
ალბათ მიხვდით, ახლა ვიზეც უნდა გესაუბროთ. კუსგან განსხვავებით, მას არც სიარული ეზარება და არც გაუთავებელი ხტუნვა-სირბილი.
მოუსვენარი კურცქვიტა ისეთი მარდია, რომ მისი მოხელთება გამოცდილ მონადირესაც უჭირს.კურდღელიც პაწაწინა კუსავით დაუცველი და უმწეოა, ამიტომ ხშირად მტაცებელი ცხოველის მსხვერპლი ხდება. მაგრამ გრძელი ყურები და მგრძნობიარე ცხვირი გასაოცარი სმენისა და ყნოსვის უნარს აძლევს, რაც ეხმარება, საფრთხის მოახლოება იგრძნოს და უკანმოუხედავად მოკურცხლოს.
კურდღელს უკანა ფეხები საკმაოდ გრძელი აქვს და სწორედ ეს ეხმარე სწრაფად გადაადგილებაში. ყურცქვიტა სულ ხტუნვა-ხტუნვით დადის. მისი ნახტომების სიგრძე თურმე 6 მეტრსაც კი აღემატება, სიმაღლე კი 2 მეტრს აღწევს. თქვენი არ ვიცი და ბავშვობაში რამდენჯერ მინატრია, კურდღელივით ხტუნვა შემძლებოდა, რომ დაჭერობანას თამაშისას მეგობრები ვერ დამწეოდნენ!
კურდღლებს ერთმანეთზე ზრუნვაც სცოდნიათ: უკანა ფეხებით ისეთ ამბავს ატეხენ, ისე უბარტყუნებენ მიწას, თითქოს დოლს უკრავენო და ერთმანეთს საფრთხის მოახლოებას ამცნობენ.

კურდღელი უმწეო კია, მაგრამ საკმაოდ მოხერხებულიც გახლავთ. თურმე ძალიან ძნელი ყოფილა, თოვლზე ყურცქვიტას კვალს გაჰყვე. ეშმაკურად იქცევა დაძინების წინაც: ჯერ თანაბარი ნაბიჯებით მიუყვება გზას, შემდეგ კი ზამბარასავით გვერდით გახტება და მისი კვალიც უჩინარდება. მერე ბუჩქიდან ბუჩქამდე აკრობატივით გადახტება, მთავარ ნაკვალევს დაუბრუნდება და უკანვე მიჰყვება გზას. ასეთი "საჭადრაკო სვლებით" მონადირის დაბნევას ცდილობს და გარკვეულწილად ახერხებს კიდეც. ვიდრე მონადირე "ლაბირინთში" გაერკვევა, ყურცქვიტა გაიღვიძებს და თავს უშველის.
აბა, ჩემო პატარებო, ახლა სულ ცოტა ხნით დაგემშვიდობებით, მაგრამ გპირდებით, მომავალში კიდევ ბევრ საინტერესო ცხოველს გავიცნობთ.