წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
ჩვენ არ ძალგვიძს, ჩავწვდეთ საიდუმლოებებს უფლისა, მაგრამ განსაკუთრებით ამისაკენ სწრაფვას არ ვურჩევთ მათ, ვისაც უფლის ნებისადმი სრულყოფილი ერთგულების , სიყვარულის, სიწმინდისა და მორჩილების სიმაღლემდე არ მიუღწევია. ორიგენე თავისი დროის უგანათლებულესი ადამიანი იყო. ყოველგვარი საერო, თუ საღვთისმეტყველო, ცოდნით აღჭურვილმა, მან გაბედა გამოეცადა უნატიფესი სულიერი საიდუმლოებანი და - ცდომილებაში ჩავარდა. ეკლესიამ კი განსაჯა მისი ცრუ სწავლება, წმიდა სვიმეონ სალოსმა მის შესახებ თქვა: "ორიგენე... ზღვაში შევიდა, იქიდან გასვლა ვერ შესძლო და ჩაიძირა".

* საკმარისია ამაღლების შესახებ ვიცოდეთ ის, რაც სახარებაში წერია. იქ კი წერია: "და იყო კურთხევასა მას იესუისსა მათ მიმართ, განეშორა მათგან და აღვიდოდა ზეცად" (ლკ. 24,15). ასე რომ, როდესაც ლოცავდა ადამიანებს, იგი ზეცად მაღლდებოდა. ამგვარად, უფალმა ჩვენ უდიდესი პრაქტიკული სიბრძნე განგვიცხადა: მხოლოდ ლოცვით შევძლებთ ზეცად ამაღლებას. ლოცვით საკუთარ თავს ვამაღლებთ, ხოლო წყევლით კი ძირს ვანარცხებთ. რასაც გავცემთ, იმასვე ვიმკით. თუკი ვლოცავთ - ლოცვას, ხოლო თუკი ვწყევლით - წყევლას. ასე რომ კურთხევა ჩვენი სულიერი ამაღლების პირობაა.
წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი
(ველიმიროვიჩი)

თქმულა: "საყვირს დასცემს და ქრისტეში აღდგებიან მკვდრები, უხრწნელნი" (I კორ. 15.52) და უცვლელნი, მეუფის მსგავსად, და როგორც მიიღო იგი ღრუბელმა, ასევე ჩვენც, პავლეს თქმისებრ, "ღრუბლებში ავიტაცებით" (I თეს. 4.16) და როგორც აღვიდა იგი საყვირის ხმაში და ხმიანობაში, ამავე სახით ჩვენც ძილის მსგავსად განვიშორებთ სიკვდილის ღრუბელს მთავარანგელოზური საყვირის მიერ და ცხოვრების წინამძღვარს თანაშევერთვით, "და ასე, როგორც თქმულია, მარადის უფალთან ვიქნებით" (იქვე), ყველანი, რომლებიც უფლისას ვიზრახავთ და ვიცავთ მის მცნებებს. მოხდეს ისე, რომ ყველა ჩვენგანი ეღირსოს იმ ნეტარ ცხოვრებას: "კარგია, მონავ კეთილო და სანდოო, მცირეზე სანდო იყავი, მრავალზე დაგადგენ შენ. შედი უფლის სიხარულში" (მთ. 25.21), რომლისაც არის დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
წმინდა იოანე ოქროპირი

ბეჭდვა
1კ1