ღირსი გაბრიელის გამონათქვამები
ღირსი გაბრიელის გამონათქვამები
* უფალი არ ტოვებს ადამიანს, ადამიანი ტოვებს უფალს, ჯოჯოხეთი უფლისაგან განშორებაა.

* უფალი სხვის უბედურებას იმიტომ გვიჩვენებს, რათა ილოცოთ მისთვის, დაეხმაროთ მას. ამით სიყვარულს გვასწავლის.

* რასაც კეთილი საქმისათვის გასცემ, ღმერთი ასწილ მოგიზღავს!

* მიწიერი ადამიანის გაღმერთება არ შეიძლება.

* უმართებულო ბრძანების გამცემი უფრო სცოდავს, ვიდრე შემსრულებელი.

* ღმერთის წინაშე ყოველი ცოდვა ზღვის კენჭებივითაა, არ არსებობს ცოდვა, სინანულს რომ აღემატებოდეს.

* უფალი დაამდაბლებს და უფალი აღამაღლებს. როცა თავი ვინმეზე კარგი მგონია, თავზე რკინის რგოლს ვიკეთებ, ფეხშიშველი გამოვდივარ. ხალხი რომ მიყურებს და იცინის, მაშინ ვმდაბლდები, ვხედავ ჩემს თავს, რა ნაგავიც ვარ.

* ვინც დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს!

* ჯერ ღმერთია მკურნალი, მერე ექიმი. მუშაკი ღირსია სასყიდლისა. რომელი არა მადლობენ ექიმსა, არა მადლობენ უფალსა. ექიმის ხელი და გონება ღვთისათვის სათნო საქმეს აკეთებს.

* იმისთვის ხარ ამ ქვეყანაზე, რომ რაც შეიძლება ბევრი სიკეთე აღასრულო.

* საჭმელზე მეტად ადამიანების სიყვარული უნდა გშიოდეს და ღვინოზე მეტად მათი სიყვარული უნდა გწყუროდეს.

* ღმერთი უმაღლესი განგებით სცდის ადამიანებს.

* ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და თავმდაბლობით იცნეს.

* ქრისტიანს წუწუნი არ შეჰფერის, რადგან ქრისტემ პირველმა გაიარა გზა დამცირებისა და შემდეგ ამაღლებისა, ეს ყველა მისმა მიმდევარმა უნდა იცოდეს.

* სიმართლის თქმის უფლება ცოდვილსაც აქვს. ცოდვილმა რომ მისი ცოდვების გამო სიმართლე დამალოს და არ თქვას, მის ცოდვებს ესეც დაემატება და უფრო მეტად დაისჯება.

ბეჭდვა
1კ1