ბავშვები "თიხიანი ხელების" ხელმძღვანელს, ქალბატონ მაკა მზარეულიშვილს ეხვევიან გარს - ის არის მათი "დამხელოვნებელი". ქალბატონ მაკას საუბარი ვთხოვე: - მე და ჩემმა მეუღლემ, გიგიშა პაჭკორიამ სამხატვრო აკადემიის კერამიკის ფაკულტეტი დავამთავრეთ. დიდებული პედაგოგები გვყავდა, მაგრამ ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს ალდე კაკაბაძემ და დოდო იაშვილმა. აკადემიის დამთავრებისთანავე ოჯახი შევქმენით. მერე სულ ვცდილობდით ჩვენი საქმე გვეკეთებინა და თიხასთან გვქონოდა შეხება. მამა მოქანდაკე მყავდა და ბავშვობიდან ამ სფეროში ვტრიალებდი. როცა გავიგე, რომ ჩემი ქალიშვილის სკოლაში ხელოვნების გაკვეთილები არ ტარდებოდა, მე შევდიოდი და ვესაუბრებოდი ბავშვებს ხელოვნებაზე. სასწავლო წლის დამთავრების შემდეგ მშობლებმა მითხრეს, - ბავშვებს უნდათ, გაკვეთილებზე თქვენთან, სახლში იარონო. ძალიან გამიკვირდა ამის გაგონება. მართლაც, ჩემი შვილის კლასელებმა დაიწყეს ჩემთან სიარული. ბავშვებთან ერთად სამზარეულოში კერამიკაზე ვმუშაობდით. პატარა ღუმელი გვქონდა და იმაში ვწვავდით თიხას. გაჭირვების დროს ნავთის ლამპებს ვძერწავდით. დღეს მე-15 წლიური გამოფენა გვაქვს. პირველად რომ ჩატარდა თეატრალური ფესტივალი ქალბატონ ქეთი დოლიძის ხელმძღვანელობით, მასშიც ვმონაწილეობდით - ქარვასლაში გამოვფინეთ ნამუშევრები და უცხოელებმა შეიძინეს კიდეც.

სახელოსნოში ბავშვებს 5-6 წლიდან ვიღებთ. თიხაზე მუშაობა არავის უჭირს. სამუშაო პროცესი არის გაცნობა, ბავშვებთან ურთიერთობა. როცა მივცემ თიხას, მათ ხელებს ვაკვირდები, როგორ ამოძრავებენ. ამის მერე უკვე ვიცი, თუ როგორ ვიმუშავო ამ ბავშვთან. ზოგიერთი ბავშვი თიხისაგან თავისი ფანტაზიით აკეთებს ნამუშევრებს, ზოგი - ჩემი მითითებით. თიხა ისეთი რამ არის, რომ შეიძლება არ გამოხვიდე მხატვარი, მაგრამ გააკეთო ლამაზი ნივთი და ხელობა ისწავლო. ადამიანი, განათლებასთან ერთად, ხელობასაც უნდა ფლობდეს.


ამას წინათ ზოოპარკში გამოფენა-აქცია გვქონდა ავადმყოფი ბავშვების დასახმარებად. ჩვენმა ბავშვებმა მაშინ კი მოიტანეს თავიანთი ნამუშევრები და გაიმეტეს გასაყიდად. ძალიან მინდა, რომ ასეთი აქცია მომავალშიც მოვაწყოთ. ჯერჯერობით მარტო ერთ ბავშვს დავეხმარეთ.

ალბათ, გარკვეულწილად გენებმაც იმოქმედა თათიაზე. ბაბუა, გოგი ლომიძე მხატვარი-გრაფიკოსი გახლდათ. იმედი გვაქვს, რომ თათიასაც გამოჰყვება წინაპრების ნიჭი - პატარაობიდანვე შევატყვეთ ხელოვნებისადმი მისწრაფება.
თათია ლომიძე, 8 წლის: - ყველაზე მეტად ჩაიდნის გაკეთება მიყვარს. ფორმებში ვაკეთებ ხოლმე. განსაკუთრებით გამხდარ ჩაიდნებს ვაკეთებ. ფერებსაც მე ვარჩევ. კიდევ გოგოებს ვაქანდაკებ. ძალიან მიყვარს ჩემი სახელოსნო და ჩემი პედაგოგები. ახლა გამოფენაზე ჩემი ნამუშევრები გამოვფინე.
შოთიკო კოხრეიძე, 6 წლის: - ერთი წელია დავდივარ ამ სახელოსნოში, თითქმის ყველაფერს ვაქანდაკებ. ყველაფრის კეთება მიყვარს. პირველად კუ გამოვძერწე. ახლა გამოვფინე ცხენი, ბუ, ჭიქა, შადრევანზე დელფინი, ჟირაფი. მე თვითონ ვიგონებ ხოლმე ყველაფერს. მინდა უფრო მეტი გავაკეთო...