გადმოცემის თანახმად, იმ ადგილას, სადაც ახლა სამლოცველოა, ადრე ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი ყოფილა. ერთხელ, როდესაც სოფლის ყველა მამაკაცი ზღვაში სათევზაოდ იყო გასული, მონაზვნებმა მეკობრეთა გემი დალანდეს და შეშინებულებმა ჩარაზეს მონასტრის ჭიშკარი, თავად კი გულმოდგინედ ევედრებოდნენ დედა ღვთისმშობლის ხატს, დაეფარა მათი ღირსება. მაგრამ ხის ალაყაფმა მეკობრეთა ძალას ვერ გაუძლო. როდესაც ისინი მონასტერში შეცვივდნენ, იქ, მონაზონთა ნაცვლად, შავი გველები დახვდათ. მოძალადეები თავზარდაცემულნი გაერიდნენ იქაურობას.
ყოველი წლის მარიამობის წინა საღამოს მთებიდან ჩამოდიან შხამიანი გველები და სწორედ ამ სამლოცველოსთან იკრიბებიან, ტაძარში მორწმუნეებთან ერთად შედიან და წირვას ესწრებიან. მიუხედავად იმისა, რომ სამლოცველოში უამრავი ხატია, გველები ღვთისმშობლის ხატისაკენ მიიწევენ. ეს შხამიანი გველები ამ დღესასწაულზე სრულიად უვნებელნი ხდებიან. მლოცველებს ისინი ხელში აჰყავთ, წირვის დასრულებისთანავე გველები ჩამოცოცდებიან ღვთისმშობლის ხატიდან და კვლავ მთებს მიაშურებენ. თუკი გველები არ გამოჩნდნენ, ესე იგი, იმ წელს დიდი განსაცდელს უნდა ელოდნენ. ასე იყო 1943 წელს - მაშინ ფაშისტებმა უამრავი ადამიანი დახვრიტეს - თითო ოჯახიდან თითო კაცი; გველები არ მოდიან ეკლესიაში მაშინაც, თუკი იმ წელს გვალვა ან მიწისძვრაა მოსალოდნელი.
