შობა დღის სუსხიან დილას
შობა დღის სუსხიან დილას
ქურთი ქალია როზა, დიდად გამრჯე და მეოჯახე. რამდენიმე ათეული წელია, თბილისის ქუჩებს გვის. ფული და ოქრო-ვერცხლიც ხშირად წამოსდებია მის ცოცხს, მაგრამ შობის იმ სუსხიან დილას რომ იპოვა, ასეთი ძვირფასი არაფერი ყოფილა. ერთგან, ნაგავში, ღვთისმშობლის ხატი ჩაეგდოთ. ნაგავი ერთი შეძლებული ოჯახიდან იყო გამოტანილი. ოჯახი დიდი გახლდათ, მაგრამ არც ისე მრავალრიცხოვანი, რომ სახლში ხატის ადგილი აღარ დარჩენილიყო... როზამ ხატი აიღო, ტალახი მოაცილა, გაასუფთავა და შინ წაიღო. თაროზე შემოდო და ალბათ, მიავიწყდებოდა კიდევაც, იმ ღამეს სიზმარი რომ არ ენახა: ღვთისმშობელი გამოეცხადა ყრმა იესოთი ხელში და უთხრა: "კარგი ადამიანი ყოფილხარ, როზა, გულისხმიერი, კეთილი. მე და ჩემს შვილს ძალიან გვციოდა, წასასვლელი არსად გვქონდა, შენ კი შეგვიფარეო".

გაეღვიძა როზას, სიხარულით აევსო გული. გადაწყვიტა, მონათლულიყო, მაგრამ ქმარმა სთხოვა, მამაპაპეული სარწმუნოებისთვის არ ეღალატა და ხათრი ვეღარ გაუტეხა. მონათვლით არ მონათლულა, მაგრამ ხატი დიდი პატივით დაასვენა საგანგებოდ გამოყოფილ კუთხეში და წინ ყვავილებიანი ლარნაკი დაუდგა. კარგი ბიჭია ვინმე და ხატს უდიერად შეხედავს - უმალვე როზას რისხვა დაატყდება თავს. სანთელსაც ხშირად ანთებს ხოლმე ხატის წინ და ოჯახს ავედრებს ღვთისმშობელს. იმედი აქვს, ქმარსაც დაითანხმებს და მოინათლება.

იმ ოჯახს კი, ხატი რომ შინიდან გამოაძევა, მალე დიდი უბედურება დაატყდა თავს. ჯერ ბავშვები წავიდნენ იმქვეყნად, მერე - მათი მშობლები, ბებო და პაპა კი მეზობლების დასამარხები გახდნენ.
ბეჭდვა
1კ1