ამ დღიდან გიშვილებ შენ
ამ დღიდან გიშვილებ შენ
ერთი ახალგაზრდა დახელოვნებული იუველირი იყო და ოქროსგან სხვადასხვა ნივთებს ამზადებდა. ვინმე მდიდარმა ველმოჟამ ის თავისთან მოიხმო, დიდძალი ოქრო გადასცა და მისგან ეკლესიისთვის ჯვრის გაკეთება უბრძანა. სახლში დაბრუნებულმა ახალგაზრდამ თავისთვის იფიქრა: "უფლისგან დიდ ჯილდოს მიიღებს ველმოჟა ამგვარი შენაწირისთვის. რატომ არ უნდა გავხდე მასთან ერთად ამ ჯილდოს თანაზიარი? შევუერთებ ჯვარს ჩემს მცირე ოქროსაც და უფალიც შეიწირავს ისე, ვითარცა ქვრივის ორ წვლილს". მართლაც ჯვრის კეთებისას თავისი ათი ოქროც გადაადნო. როცა ველმოჟამ ჯვარი ნახა, იმაზე მძიმე აღმოჩნდა, რაც მან ოქრო გადასცა, ოსტატს უთხრა: შენ სხვა ლითონით შემიცვალე ოქროო. ახალგაზრდამ გულწრფელად უთხრა: "მე შენს ჯვარს ჩემი ათი ოქროც დავუმატე, რათა ღვთისგან შენთვის მოცემული ჯილდოს თანაზიარი გავმხდარიყავიო". გაოცდა ველმოჟა: ჩემო შვილო, სიმართლეს ამბობ, მართლა ასე მოიქეცი?" - "დიახ, ჩემო ბატონო" - უპასუხა ყმაწვილმა. მაშინ ველმოჟამ წამოიძახა: "ასე რომ თუ შენ ღვთისადმი ნამდვილი სიყვარულის გამო მიეცი მას შენი ქონება, რათა მისგან ჩემთან ერთად გქონოდა ჯილდოს წილი, მაშინ იცოდე, რომ ამ დღიდან გიშვილებ შენ და გაგხდი მთელი ჩემი ქონების მემკვიდრედ". ველმოჟას სიტყვას საქმე მოჰყვა და ცხოვრობდნენ ორივე ერთად სიყვარულითა და თანხმობით.


ბეჭდვა
1კ1