ყოველთა წმინდათა ხსენების დღეს ჩვენთან ერთად ლოცულობდა ყოველი წმინდანი, ლოცულობდა ღვთის წინაშე ჩვენთვის და ახლად გამორჩეული მეუფისათვის
ყოველთა წმინდათა ხსენების დღეს ჩვენთან ერთად ლოცულობდა ყოველი წმინდანი, ლოცულობდა ღვთის წინაშე ჩვენთვის და ახლად გამორჩეული მეუფისათვის
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია დასრულდა. წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და ყოველთა წმინდათა ხსენების დღე მიულოცა.
"წყალობა შენი უფალო, თანამავალ მყავ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა", - ეს სიტყვები უნდა თქვას ყოველმა ადამიანმა, მითუმეტეს, ყოველმა ქართველმა მკვიდრმა საქართველოისი. მე არ ვიცი რითი ვიმსახურებთ ამდენ წყალობას უფლისაგან. აი, დღეს კიდევ ერთი უდიდესი წყალობა მოგვივლინა უფალმა. დღეს ხელდასმულია ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსიფეოსი", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.
პატრიარქის თქმით, მას ყოველთვის აფიქრებდა, უცხოეთში უამრავი ქართველი მიდიოდა და იქ ათეული წლებით რჩებოდნენ. პატრიარქმა აღნიშნა, რომ უფალმა მათ გამოუჩინა საშუალება, უცხოეთში დღეს ბევრი სამღვდელო პირი მსახურობს, გაჩნდა ახალი ეპარქიები და ეს ეპარქიები ჩნდება არა ქართველი ხალხის დასამკვიდრებლად, არამედ სამშობლოში დასაბრუნებლად.
"ქართველი ხალხი უნდა დაბრუნდეს თავის მიწა-წყალზე, იმიტომ, რომ ქართველი უცხოეთში ვერ ხარობს. ქართველი ხალხი უნდა იყოს ახლოს თავის ფესვებთან, მამაპაპათა სამყოფელთან", - აღნიშნა პატრიარქმა.
უწმინდესმა აღნიშნა, რომ ყოველთა წმინდათა ხსენების დღეს ჩვენთან ერთად ლოცულობდა ყოველი წმინდანი, ლოცულობდა ღვთის წინაშე ჩვენთვის და ახლად გამორჩეული მეუფისათვის.
"ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ლოცვები და მადლობა შევწიროთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის", - ბრძანა უწმინდესმა.
კათოლიკოს-პატრიარქმა ამბიონიდან მიმართა ახლად ნაკურთხ მეუფე დოსიფეს და უსურვა მას დიდი მადლი და წყალობა, რათა ეს მადლი გაამრავლოს მან უცხოეთში მყოფ ქართველებს შორის. პატრიარქმა ახლად ნაკურთხ მეუფეს ეპისკოპოსის კვერთხი უბოძა.
ბეჭდვა
1კ1