ლიახველთა სიმშვიდე ხშირად ირღვეოდა მტერთა შემოსევების, შინა ღალატის გამო. XVII-XVIII საუკუნეებიდან ჩრდილოეთიდან კავკასიის სამხრეთ კალთებზე ოსები იწყებენ დასახლებას. სამწუხაროდ, მათგან ასიმილირებას განიცდის ქართული ტომის - დვალების ერთი ნაწილი. ოსები ნელ-ნელა მკვიდრდებიან ორივე ლიახვის სათავეებში. საფუძველი ეყრება ქართველთა იქიდან გამოდევნას.
აქ მიწის ყოველ გოჯს, ბილიკს, ქვას, ხეობის ჰიდრონიმ-ტოპონიმებს საინტერესო წარსული აქვს, ეს უკანასკნელნი უმეტესად ქართულია. მათში ხეობის ისტორია, ტკივილი, ყოველდღიურობაა ასახული. სამწუხაროდ, ჟამთა სიავეს ნასოფლართა დიდი ნაწილისთვის სახელიც აღარ შეურჩენია. ისტორიულ ბედუკუღმართობას სამუდამოდ დაუკარგავს იქ მცხოვრებთა ვინაობა, ისტორია, ის თავდაპირველი ხატი, რაც საფუძვლად დასდებია ადგილის სახელწოდების პროცესს. ისინი თითქოს სამუდამოდ ჩაკარგულან ისტორიის წყვდიადში. ტოპონიმთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა გაუძლო ეპოქის ქარტეხილებს და რუსულ-ოსური აგრესიის მიუხედავად პირვანდელი სახე შეინარჩუნეს, - მიამბობს ბატონი ზურაბ ოქროპირიძე. მისი თქმით, ტოპონიმები ძირითადად წარმომდგარია ადამიანის სახელის, გვარის, მცენარის, მდინარის ან ამა თუ იმ ადგილის გარკვეულ ნიშანთა მიხედვით. ბევრი მათგანი სახეცვლილი მოვიდა ჩვენამდე და ინფორმაციულად ვერაფერს გვეუბნება გარემო სინამდვილეზე. ისინი სერიოზულ კვლევა-ძიებას და მეცნიერულ ანალიზს მოითხოვენ.

ინაურის აღმოსავლეთით, ხეობის ულამაზეს ადგილას უსახელო ნასოფლარებია დაფარული ტყით. სამხრეთ-დასავლეთით, ინაურიდან 2 კმ-ში ლიახვის მარჯვენა მხარეს ცნობილი ბეხუშეს ციხეა, რომელსაც ვახუშტი ბატონიშვილი ბეყჩოს ციხის სახელით მოიხსენიებს. მისი თქმით, იგი პატარა ლიახვისა და ჩაფარუხის წყლის შესართავთან ახლოს მდებარეობს. ციხე მიუვალ ადგილზე ყოფილა აგებული. XIV საუკუნიდან იგი ქსნის ერისთავების საკუთრება (როგორც ლიახვის ხეობის დიდი ნაწილი) და მნიშვნელოვანი დასაყრდენი ყოფილა. თემურ-ლენგის შემოსევის დროს ქსნის ერისთავმა გირშელმა ბეხუშეს ციხეს შეაფარა თავი. "ძეგლი ერისთავთაში" ვკითხულობთ: "ერისთავი გირშელ უკუდგა ციხესა ბეხუშისასა დედაწულითა და ჯოგითა და თან ჰყვა კათალიკოზი ელიაზ ყოვლით საყდრიშვილითურთ და ხიზანითა დიდითა და ჯოგითა და ცხურითა..." მრისხანე თემურმა ვერ შეძლო ლიახველ მეციხოვნეთა წინააღმდეგობის გატეხა. ერისთავი თავისი ჯალაბით გადარჩა.
ბეხუშეს დასავლეთით, ნასოფლარ ჩაფარუხში VIII-IX საუკუნეების ეკლესიის ნანგრევებია. აქაა ადრე შუა საუკუნეების ხეობისათვის დამახასიათებელი სამი ზურგიანი კოშკის ნანგრევი და გვიანდელი ხანის ციხე-კოშკი. ჩაფარუხში მარიამიძეები ცხოვრობდნენ. ბეხუშეს ციხის ჩრდილოეთით ნასოფლარი ლაჭაურია (ოსებს იგი ლაცაურად გაუაზრებიათ). ჩაფარუხის მსგავსად აქაც ადრეული ხანის სამი სათვალთვალო კოშკია. ერთი მათგანი ნამოსახლარის ეზოში დგას - შემორჩენილი ხუთი სართულის სიმაღლეზე. ნაგებია ადგილობრივი წითელი თლილი ქვით. მეორე - ლიახვის მოპირდაპირე მხარეს, მაღალ მთაზე, მესამე - სოფლის დასავლეთით, ხეობის პირას. ქვათა წყობა ყველგან მშრალია. ტოპონიმი ქართულია, თუმცა რის მიხედვით დაერქვა ამ მიდამოს ეს სახელი, უცნობია. ხეობაში "ურ"-სუფიქსიანი რამდენიმე ტოპონიმია - შულაური, ინაური, ლაჭაური, შელეური. როგორც ვხედავთ, ინაური-ბეხუშე-ჩაფარუხი-ლაჭაური ადრეული ხანიდან ძლიერ გამაგრებულ ადგილს წარმოადგენდა. თუ გავითვალისწინებთ ხეობის მიუვალობას და მაღალმთიან რელიეფს, გასაგები გახდება პატარა ლიახვის ზედა მხარის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა.
აწრისხევის ზევით, ხეობის სიღრმეში, პატარა ლიახვის ორივე მხარეს უსახელო ნასოფლარებია. შემორჩენილი საცხოვრებელი სახლის კედლები ტყითაა დაფარული. საინტერესოა, რომ ისინი უმეტესად მაღალ, კლდოვან ადგილებზეა აგებული. აქ მცხოვრებნი ასეთ ადგილებს სპეციალურად არჩევდნენ, რათა კლდოვანი მხარე სახლის ბუნებრივ კედლებად გამოყენებულიყო. ქართველთა კერა აქ დიდი ხანია გაცივდა, - სევდიანად განაგრძობს ბატონი ზურაბი, - წარსულის უტყვი მოწმენი პატარა ლიახვი და საუკუნეებგამოვლილი, მთათა წვერვალებიდან ამაყად მზირალი ციხე-კოშკები არიან. ისინი შესწრებიან უამრავ მტერთა შემოსევას, ქართველთ ღალატს და გაუტანლობას. მათი ტალღები და კედლები არაერთხელ შეღებილა მომხვდურთა სისხლით. არაერთხელ უგლოვიათ დაღუპული ქართველი გმირები. ისინი დღესაც გლოვობენ დაკარგულ შვილებს, გლოვობენ ჩვენს უმწეობასა და უსუსურობას. უცხო ეთნოსმა მგლურად გამოიყენა ჩვენი ჰუმანურობა. დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, რომ ოსებმა რუსებთან ერთად ერთგვარ პლაცდარმად გამოიყენეს ორივე ლიახვის ზედა წელის სოფლები მთელი შიდა ქართლის დასაკავებლად.
ნასოფლარების შემდეგ ლიახვის მარჯვენა მხარეს გვხვდება ისტორიული სიათა. სიათას ციხეზე არაერთხელ ულაშქრია მტერს. ქართველი მეფე-დიდებულები მუდმივად ამაგრებდნენ მას. იგი ისტორიულ წყაროებში ქსნის უკანასკნელი ერისთავის გიორგის აჯანყების (1777წ.) დროს იხსენიება. ერეკლეს წინააღმდეგ ამბოხებული ერისთავი სიათას ციხეში გამაგრდა. ქსნელმა დიდებულმა სიათა იმიტომ აირჩია, რომ იგი ძნელად მისადგომი იყო. ვერც ამან იხსნა ურჩი ერისთავი. სიმაგრე დაეცა. ერეკლემ ისარგებლა გიორგის განდგომით, საერისთავო გააუქმა და ბატონიშვილ იულონს გადასცა. ციხე-კოშკი 7-სართულიანია. სიმაღლის მატებასთან ერთად ვიწროვდება. ნასოფლარის მაღალი მთის წვერზე დგას ეკლესია კოშკით (გვიანი შუა საუკუნეები). დაბლა ფერდობზე გვიანდელი შუა საუკუნეების ნაგებობის ნაშთია. სიათაში ვაზაგაშვილებს უცხოვრიათ. შემდეგ ქვემო სოფლებში ჩასახლებულან. სიათას ჩრდილო-აღმოსავლეთით ნასოფლარები გნასური, რბილი (იქ რბილი კლდე ყოფილა ოსებმა ალბირი დაარქვეს), გაბარაანთკარია. მაღალ მთაზე სათვათვალო კოშკის ნანგრევებია. სოფელ ხაჩირაანში გვიანდელი საუკუნეების ოთხკუთხა კოშკი დგას მაღალი მთის ფერდობზე. კარი ნაოთხალია და დატანებული აქვს საურდულე. ნასოფლარიდან ორ კილომეტრში ნამოსახლარებია.
პატარა ლიახვის მარცხენა შენაკადია შამბიეთის ხევი (ვახუშტი ბატონიშვილი მას შამბიანს უწოდებს). ნასოფლარი შამბიეთი ერთ-ერთი ულამაზესია ხეობაში. სიძველისა და დაზიანებების მიუხედავად ამაყად იმზირება ადრე შუა საუკუნეების შამბიეთის რვასართულიანი ციხე-კოშკი. ნასოფლარიდან 1 კმ-ში სასახლის ნანგრევებია. სასახლის ირგვლივ გალავნის ფრაგმენტებია. იგი ტყითაა დაფარული. გვიანდელი შუა საუკუნეებითაა დათარიღებული ეკლესია, რომელსაც გალავანიც ჰქონია. მდინარე შამბიეთის ხეობაშია ნასოფლარი ყუფთა. მარჯვენა ნაპირზე წმინდა გიორგის ძლიერ დაზიანებული ეკლესიაა. შემორჩენილია რვასართულიანი ზურგიანი კოშკი (განვით. შუა საუკუნეები. იგი სიათას და შამბიეთის კოშკებს წააგავს).

აწრისხევის სამხრეთით სოფელი ზონკარია. იგი ორადაა გაყოფილი. ლიახვის მარჯვნივ ქვემო ზონკარია, მარცხნივ კი - ზემო. სოფლის სახელწოდება სიტყვა "ზონა"-დან უნდა მოდიოდეს. ძველი ხალხი თურმე ამ მიდამოს, ზევით ხეობის გაგრძელებას, კლიმატის, მაღალმთიანი რელიეფის გამო სხვა ზონად თვლიდა. ამიტომ მას ზონისკარი, ზონკარი უწოდესო - ჰყვებიან ადგილობრივები. ქვემო ზონკარში, დასავლეთის მხარეს წმინდა გიორგის ადრეფეოდალური ხანის ერთნავიანი ეკლესიაა. მის აღმოსავლეთით, მაღალ მთაზე ასევე ადრეული ხანის ზურგიანი კოშკია. სოფლიდან მოშორებით, ტყეში, შიოწმინდის სახელობის დარბაზული ეკლესიის (განვითარებული შუა საუკუნეები) ნანგრევებია. ზემო ზონკარში VIII-IX საუკუნეების ორი ძეგლია: ღვთისმშობლის ეკლესია (ფრაგმენტები) და ეკლესია კოშკით. ზონკარი უნიკალურ დასასვენებელ ადგილს წარმოადგენდა. განსაკუთრებით თვალწარმტაცი იყო ზაფხულში. უამრავი დამსვენებელი იგრილებდა სხეულს. ზონკრის წყალსაცავი ერთთველოში. მისით შიდა ქართლის დიდი ნაწილი ირწყვებოდა.
ზონკრიდან რამდენიმე კმ-ში, სოფ. ბელოთის თავზე ნასოფლარი ხანდურიანთკარია. გასული საუკუნის 80-იან წლებამდე აქ 2-3 ოჯახიღა სახლობდა. სოფელში ძირითადად ხადურები ცხოვრობდნენ. ეს გვარი საუკუნეების წინ საქართველოს მთიანეთიდან - ხადას (გვარის სახელწოდება აქედან მოდის) ხეობიდან გარკვეული მოსაზრებით პატარა ლიახვის ხეობაში დაუსახლებიათ. ისინი კარგი მეომრები ყოფილან. ხადურები XVIII საუკუნეში ბელოთის ციხის მეციხოვნეებად გვევლინებიან. ნასოფლარში X-XI საუკუნეების სათვალთვალო კოშკია. შედარებით გვიანდელია ლიახვის მარცხენა მხარეს მდგარი მაღალი, გალავნიანი მრგვალი კოშკი. მას ხადურიაანთ კოშკს უწოდებენ (XVII-XVIIIს.ს.) ლიახვის მარცხენა მხარეს, სოფ. დმენისის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ნასოფლარი სნეკვი. უწინ აქ შევარდნაძეები, მარიამიძეები, ნუკრაძეები და სხვები ცხოვრობდნენ. ნასოფლარის ისტორიულ ძეგლთა შორის აღსანიშნავია წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია (Xს.), ყოვალდწმინდის ადრე შუა საუკუნეების და ამავე პერიოდის ნაეკლესიარი.

პატარა ლიახვის მარცხენა მხარეს, დისევის აღმოსავლეთ მთიანეთში ორბოძალის მთის ძირში უძველესი ნასოფლარი (თუ ნაქალაქარი) ნაქალაქევია. იგი ქსნის ერისთავებს ეკუთვნოდათ. აქედან გადადიოდა გზა როგორც დიდი ლიახვის, ისე ქსნის ხეობაში. ნაქალაქევში იდგა მიქელ-გაბრიელის სახელობის ეკლესია. იგი დანგრეულია, არის სხვა ნაგებობების ნაშთებიც. მისი დღეობა - "მიქელგაბრიელობა" გაზაფხულობით იმართებოდა. ტაძრის ნანგრევების გარშემო ძველი საფლავის ქვებია. საინტერესო ეპიტაფიებში თავდგირიძეთა გვარი იკითხება. ჩანს, ძველად აქ თავდგირიძეებს უცხოვრიათ. დისევიდან 4 კილომეტრში, ნაქალაქევთან ახლოს ნასოფლარი ბერიჯვარია. სოფლის ძველ სასაფლაოზე შემორჩენილია დარბაზული ეკლესიის ნანგრევები. ტოპონიმი იმაზე უნდა მეტყველებდეს, რომ ძველად აქ აქტიური საერო-სამონასტრო ცხოვრება მიმდინარეობდა. როგორც კონსტანტინე გამსახურდია წერს თავის ტეტრალოგიაში "დავით აღმაშენებელი", - ეს ადგილები ქართული ცხენოსანი ჯარის ერთ-ერთ საწვრთნელ-შესაკრებელ ადგილს წარმოადგენდა. ეს მიდამოები არქეოლოგიურად შეუსწავლელია. იგი ბევრი საინტერესო ცნობითა და აღმოჩენით გაამდიდრებდა ხეობის, ქვეყნის ისტორიას.