ორივე ხეობის გეოგრაფიულ სახელებზე დაკვირვებით, შეიძლება ითქვას, რომ ქართველები ერთბაშად არ აყრილან იქიდან. XX საუკუნის დასაწყისამდე აქ ქართული ტოპონიმები ჭარბობს. ზოგ შემთხვევაში დამახინჯებულია: გერი - ჯერ, დჟერ, ლაჭაური-ლაცაური, რბილი - ალბირი, სნეკვი - სნეკ, ლიახვი - ლეუახ, ხელთშუა - ხელჩუა, სათიხარი - სატიხარ, ზემოქერე - ზემოჩერე და სხვა.


რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამ და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიის შექმნამ ფრთები შეასხა ოსებს. მათმა ანტიქართულმა ქმედებებმა პიკს მიაღწია. პირველი იერიში ქართულ ტოპონომიკაზე მიიტანეს. ხეობებში ოსთა გვარების განსახლების, ქართველთა მრბევ-ამწიოკებელთა გვარ-სახელების ან სხვა ნიშნის მიხედვით იქმნება უშინაარსო ტოპონიმები: გაბარაანი, ჯაჯიაანი, გაგიაანი, ქისიაანი, მალძიგაანი, ხაჩირაანი, გუჩმაზთა, შტირქომი (ყოფილი დიდხევი), ხეთაგუროვო (ყოფილი წუნარი), ისაკყაუ, (ყოფილი გიორგიწმინდა), ზნაური (ყოფილი ოქონა. უკანასკნელი სამი სოფელი ფრონეს ხეობაშია) და სხვა.

XX საუკუნის შუა წლებიდან ოსებს ორივე ლიახვის ხეობის მთიანეთიდან ბარში - ცხინვალსა და მიმდებარე ქართულ სოფლებში ასახლებენ. ბევრ ქართულ სოფელს, იქ მოსახლე ქართველ გლეხებს ართმევენ ადგილ-მამულს და გადასცემენ ოსებს. ჩემი ოჯახიც ამ მოვლენის მსხვერპლია. მამაჩემს, სამი მცირეწლოვანი შვილის პატრონს, 1964 წელს თითქმის მთლიანად ართმევენ მამაპაპეულ მიწას და სოფელ სნეკვიდან გადმოსახლებულ ოსს უბოძებენ. უძველესი სოფლების - დისევის, კულბითის, ქსუისის ტერიტორიაზე ოთხი ახალი სოფელი ხელოვნურად იქმნება: ხელჩუა, ზემოქერე, კორკულა, ზემო კორკულა. სამწუხაროა, რომ ქართველ მწერალ-მოღვაწეთა მიერ შემოკრულმა ზარებმა ვერ იმოქმედა ჩვენს გონებით და სმენით ორგანოებზე. მთიდან ჩამოსულმა ჯაყომ ეშმაკობით, გაიძვერობით და, რაც მთავარია, ჩვენი ბედოვლათობით თავისას მიაღწია. როდესაც ამ მტკივნეულ თემას ვეხებით, არ უნდა დაგვავიწყდეს ოსების მნიშვნელოვანი ნაწილის დამსახურება საქართველოს წინაშე. ისინი დღესაც მრავლად ცხოვრობენ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. ბევრმა ქართველებთან ერთად დევნილის მძიმე ხვედრიც გაიზიარა.


"კარიბჭის" წინა ნომერში სოფელ დისევის შესახებ ვწერდით. დავით მეფეს იგი სვეტიცხოვლისთვის დაუქვემდებარებია. სიგელი აქ მცხოვრებ ოქროპირიძეებს "კეთილგვაროვნად" მოიხსენიებს. ჩანს, რომ ეს სოფელი ძველთაგანვე გამორჩეული იყო თავისი სულიერებით, ქრისტეს რჯულისადმი სიყვარულით. ოქროპირიძეების დიდი ღვაწლი სამშობლოს წინაშე განსაკუთრებით გამოვლინდა XIX-XX საუკუნეებში. დისევიდან იყო წმინდა ალექსანდრე ეპისკოპოსი (1824-1907), დიდი ილიას მოძღვარი, ქველმოქმედი, ქართული ეკლესიის ბურჯი; გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ლეონიდე (1860-1921), შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (1918-1921). წმინდა ილია მართალმა ასე მიმართა თავის სულიერ მოძღვარს: გციოდათ და არ იხურავდით, გშიოდათ და არ ჭამდით.…თქვენს ღვაწლად მარტო ის ეყოფა საქართველოს, რომ სამშობლოს უზრდით ისეთ მღვდელთმთავარს, როგორიც ეპისკოპოსი ლეონიდეა. (ლეონიდე - ერისკაცობაში ლონგინოზ ოქროპირიძე წმინდა ალექსანდრეს ძმისშვილი იყო.). ერთ-ერთ წერილში წმინდა ამბროსი ხელაია ბრძანებს: ჩვენ ყველა, შემდეგში სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსულნი, ალექსანდრე ეპისკოპოსმა დაგვაფრთიანაო. 1916-22 წლებში ალავერდის ეპისკოპოსი იყო პიროს ოქროპირიძე (1874-1922). ბოლშევიკთაგან წამებული მღვდელმთავარი, რომელიც ტაძრის განძის დაცვას შეეწირა. წმინდა მეუფე ალექსანდრე, კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე და ალავერდის ეპისკოპოსი პიროსი გახლავთ ოქროპირიძეთა მახარებლიაანთ შტოს წარმომადგენლები. ამავე შტოს განეკუთვნებიან ალავერდის ტაძრის დეკანოზი ილარიონი (დაკრძალულია ალავერდის მონასტერში), მღვდელი დავითი (წმინდა ალექსანდრეს მამა) და სხვები. ზურაბიაანთ შტოს ეკუთვნიან ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, საინგილოს ერთ-ერთი განმანათლებელი, მეოცე საუკუნის დასაწყისში ცხინვალში მოღვაწე მღვდელი (შემდეგში დეკანოზი) იროდიონ ოქროპირიძე (1859-1933), დისევის ძელიცხოვლის დიაკვანი ლადო ოქროპირიძე (1881-1961). ამ გვარის მღვდლიაანთ შტოდან არიან გამოსული (დედის მხრიდან) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წმინდა კირიონ მეორე (1855-1918), დეკანოზი გაბრიელ ოქროპირიძე (1824 კირიონის დედის ძმა), საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწე მღვდლები ზაქარია, იოანე, დავითი, ბესარიონი და სხვები. ოქროპირიძეთა ამ განაყოფს "მღვდლიაანი" სწორედ სასულიერო პირთა სიმრავლის გამო ეწოდა. წმინდა კირიონის ბიძაშვილის შვილი და დეკანოზ გაბრიელის შვილიშვილია ოქროპირიძეთა ერთ-ერთი უკანასკნელი მღვდელმთავარი ალექსანდრე (1879-1959წ.წ. 1921 წელს ბოლშევიკებმა მას იძულებით აჰყარეს სამღვდელო წოდება). XX საუკუნის დასაწყისიდან იგი აქტიურ სასულიერო მოღვაწეობას ეწევა. საშა მღვდელი (როგორც მრევლი უწოდებდა მას) მატერიალურად ეხმარებოდა ხელმოკლე ოჯახისშვილებს, აძლევდა სახელმძღვანელოებს, საზრდოს. მათ შორის - ოსებსაც. ყაზბეგში ყოფნის დროს ერთ-ერთ მიუსაფარ ოს ბავშვს ბოლომდე უპატრონა, დაეხმარა დაწყებითი განათლების მიღებაში. იგი გახდა შემდეგში დიდი მეცნიერი, აკადემიკოსი ვასილ აბაევი. სამწუხაროა, რომ მისმა მოდგმამ ასე გადაგვიხადა მადლობა. 1921-22 წლებში ოსთა შემოსევების დროს უკვე ყოფილმა მღვდელმთავარმა მოახერხა საკმარისი იარაღის შემოტანა ქართულ სოფლებში და მოსახლეობა დაიცვა რბევა-აწიოკებისაგან, რაც ვერ შევძელით დღევანდელმა თაობებმა. სამწუხაროა, რომ დღეს აქედან გვიწევს ჩვენს წარსულზე ლაპარაკი. არ ველოდით მოვლენათა ასეთ განვითარებას. 8 აგვისტოს სოფელი ისევ ადგილზე იყო, მაგრამ როცა რუსულმა თვითმფრინავებმა კულბითის ღვთისმშობელს გადაუფრინეს, მივხვდით, სოფელი უნდა დაგვეტოვებინა... წარმოიდგინეთ, სოფლის თავზე რამდენიმე გამანადგურებელი დაფრინავს, იქ კი უამრავი ქალი და ბავშვია. ძნელია იმის აღწერა, რაც იქ ხდებოდა. დისევში დარჩა ჩვენი ბავშვობა, საუკეთესო მოგონებები, ტყე, მთა-ველი,…ყველაზე ძვირფასი - ჩვენი სიწმინდეები, წმინდა საფლავები. მენატრება დისევი, ძელიცხოველი, ღვთისმშობელი, წამალა წყარო... - სევდითაა გაჯერებული ბატონი ზურაბის მონათხრობი.



გვინდა დიდი სიყვარულით მოვიხსენიოთ ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი მეუფე ისაია, - განაგრძობენ ჩვენი სტუმრები, - რომლის ლოცვა-კურთხევით დისევის ძელიცხოვლის ტაძარი აღვადგინეთ. მისი რესტავრაცია მოხერხდა საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდისა და დისეველი მკვიდრი ძმების (გიორგი, ვლადიმერი, ზურაბი) ოქროპირიძეების ფინანსური მხარდაჭერით. ზურაბი განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა ხეობის სიძველეებისადმი, - მეუბნება ბადრი გასპაროვი, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის ხელმძღვანელი, - ჩვენს ორგანიზაციას დაევალა ლიახვის ორივე ხეობის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, პოპულარიზაცია და გამოკვლევა. აგვისტოს ომამდე აღვწერეთ და შევადგინეთ ორასამდე ძეგლის სააღრიცხვო ბარათი, განხორციელდა სხვადასხვა არქეოლოგიური და გაწმენდითი სამუშაოები. რესტავრაცია გავუკეთეთ რამდენიმე ტაძარს, მათ შორის ხეითის მთავარანგელოზს (XIXს.). ზემოაღნიშნული ფონდის დახმარებით აღდგენილ იქნა ასევე ერედვის წმინდა გიორგის (Xს.), ხეითის ძელიცხოველის (XII-XIIIს.ს.) ეკლესიები, ნიქოზის საეპისკოპოსო (Xს.) და სხვა. დაწყებული იყო კეხვის წმინდა გიორგის (X-XIს.ს.), კულბითის ღვთისმშობლის (XII-XIIIს.ს.), ძარწემის წმინდა გიორგის (X-XIIს.ს.) ეკლესიების აღდგენა. მზადდებოდა დისევის იოანე მახარებლის, ხეითის ღვთისმშობლისა და ჯვარპატიოსნის ეკლესიების აღდგენის პროექტი. სამწუხაროდ, არ დაგვცალდა. ამ მამულიშვილურ საქმეში დიდ დახმარებას გვიწევდა კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მაშინდელი მინისტრი ბატონი ნიკა ვაჩეიშვილი. ჩვენს მიმართ მუდმივ მზრუნველობას და სითბოს ავლენდა მეუფე ისაია. მისი ლოცვა-კურთხევით პერიოდულად ღვთისმსახურება აღევლინებოდა ხეობის სხვადასხვა სოფლებში. ომის მძიმე დღეებში მეუფეს ერთი წუთით არ მიუტოვებია თავისი მრევლი და ეპარქია. იქიდან წამოსვლის შემდეგ კი ჩვენი მწყემსმთავრის ძალისხმევით ხეობების მიმოფანტული მოსახლეობა კვირაში ერთხელ სამების ტაძარში ვიკრიბებით.

ფოტოების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით
ბ-ნ ლუარსაბ ტოგონიძესა და ბ-ნ ბადრი გასპაროვს
ბ-ნ ლუარსაბ ტოგონიძესა და ბ-ნ ბადრი გასპაროვს