"ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ წყალობა უფლისა, მადლობას შევწირავთ ამისთვის"
11.06.2014
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგია დასრულდა. წირვის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და აღნიშნა, რომ დღეს სამი მნიშვნელოვანი დღესასწაული აღინიშნება
- ჯვრის თაყვანისცემა, რომელიც გამოჩნდა ცაზე წმინდა ნინოს დროს, ლომისის წმინდა გიორგის დღესასწაული და ახალი ეპისკოპოსის კურთხევის დღე.
პატრიარქის განცხადებით, კიდევ ერთხელ გვიჩვენა უფალმა თავისი წყალობა და მადლი.
უწმინდესმა გერმანიისა და ავსტრიის ახლად არჩეულ ეპისკოპოს ლაზარეს წმინდა სინოდისა და ხალხის სახელით ეპისკოპოსის დიდი მადლის მიღება მიულოცა.
"ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ წყალობა უფლისა, მადლობას შევწირავთ ამისთვის უფალს, გერმანიასა და ავსტრიაში მრავლად არის ქართველი მოსახლეობა, თქვენ ყურადღება უნდა გამოიჩინოთ მათ მიმართ. თქვენ წმინდა სინოდმა განგაწესათ იმისთვის, რომ არა იქ დარჩეთ, არამედ წმინდა სინოდმა აგირჩიათ იმისთვის, რომ მოუყაროთ თავი ყველა იქ მყოფ ქართველს და დააბრუნოთ საქართველოში და თქვენც დაბრუნდეთ საქართველოში. თქვენ უნდა იყოთ მაგალითი მათთვის და ყველა ქრისტიანისათვის", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.
უწმინდესმა იმედი გამოთქვა, რომ ახლად არჩეული ეპისკოპოსი მის იმედებს გაამართლებს. პატრიარქმა ახლად არჩეულ მეუფეს ეპისკოპოსის კვერთხი გადასცა და დალოცა.
დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში უწმინდესმა ასევე რამდენიმე სასულიერო პირი დააწინაურა და ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.