დღეს არის ჩვენი დიდი დღესასწაული – საპატრიარქო ტაძრის დღესასწაული, ხსენება წმინდა სამებისა
08.06.2014
სულთმოფენობის დღესასწაულთან ერთად, დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა სამების დღესაც ზეიმობს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.
"დღეს არის ჩვენი დიდი დღესასწაული – საპატრიარქო ტაძრის დღესასწაული, ხსენება წმინდა სამებისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი არს ჩვენთან. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალმა ამ დიდებული ტაძრის აშენება ინება. სხვა სახელობის რომ ყოფილიყო, ჩვენ მას ვერ ავაშენებდით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ხელთუქმნელი ტაძარი, მსგავსად ხელთუქმნელი ხატისა. როცა ეს ტაძარი აშენდა, ვთქვი, რომ ეს არის ავტოპორტრეტი ქართველი ხალხისა", - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.
ილია მეორემ სამებაში შეკრებილ მრევლს სულთმოფენობის დღესასწაულიც მიულოცა და მოუწოდა, სახლები ნაკურთხი წყლით აკურთხონ. მრევლი დღეს ტაძარში ყვავილებით მივიდა. წირვის დასრულების შემდეგ, მუხლდრეკის ლოცვა შესრულდა.