2016 წლის 12 (25) აპრილს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატის (ცინცაძე) დაბადების 150 წელი აღნიშნა.
წმინდა სინოდის განჩინებით კი გასული წლის 22 დეკემბერს წმინდანად შერაცხა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) და ხსენების დღედ (21 იანვარი) 3 თებერვალი დადგინდა. წმიდა სინოდის ოქმში ვკითხულობთ: "წმიდათა დასში შეირაცხოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე) და ეწოდოს მას, – წმინდა პატრიარქი კალისტრატე; შეიქმნას ხატი, დაიწეროს ცხოვრება და წეს-განგება; ხსენების დღედ დადგინდეს (21 იანვარი) 3 თებერვალი."

19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, მიტროპოლიტ კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით, ახლადნაკურთხი ხატით, ქუთაისის ქუჩებში მოეწყო მსვლელობა და დაილოცა ქალაქი. ახლადკანოზირებულ წმინდათა მეოხება, მფარველობა, წინამძღოლობა არ მოჰკლებოდეს ივერიის უძველესი სამოციქულო ეკლესიის სამწყსოს.წმინდა პატრიარქს კალისტრატეს ორი ათეული წელი ეპყრა ივერიის უწმიდესი ეკლესიის სამამამთავრო საყდარი. უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე თავისი მართალი და წმინდა ცხოვრებით, ლამპარივით უნათებდა გზას თავის სამწყსოს... მან დაიმსახურა დიდი სიყვარული და ღრმა პატივისცემა ქართველი ერისა.
