უკრაინული ვებ-გვერდი
uoj.org.ua იტყობინება, რომ 22 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა კიევის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული, კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე).
მან კიევის სასულიერო აკადემიაა 1892 წელს დაამთავრა. პატრიარქი კალისტრატე საქართველოს მართლმადიდებლ ეკლესიაში კიევის სასულიერო სკოლის კურსდამთავრებული მესამე წმინდანია.
მანმდე საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქი, მღვდელმოწამე კირიონი (საძაგლიშვილი), რომელმაც კიევის სასულიერი აკადემია 1880 წელს დაამთავრა და ქუთაისის მიტროპოლიტი, მღვდელმოწამე ნაზარი (ლეჟავა) - კიევის სასწავლებლის 1905 წლის კურსდამთავრებული.
კალისტრატე (ბიჭიკო) მიხეილის ძე ცინცაძე 1866 წლის 12 აპრილს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ტობანიერში (ამჟამინდელი ვანის მუნიციპალიტეტი), სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები იყვნენ: მამა — მღვდელი მიხეილი და დედა — ეკატერინე გოგორიშვილი. მიხეილ ცინცაძეს განათლება მიღებული ჰქონდა ჯრუჭის მონასტერში მიტროპოლიტ დავით წერეთლის კარზე.
წერა-კითხვა ოჯახში დამ, მატრონამ შეასწავლა, ხოლო "ჟამნის" შესწავლაში მამის შეგირდი დიაკვნები დაეხმარნენ. 1875 წელს ოჯახმა იგი ქუთაისის საულიერო სასწავლებელში შეიყვანა. 1882 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიის წარჩინებით დასრულების შემდეგ, ეპისკოპოს გაბრიელის რეკომენდაციით, თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა.
1888 წელს დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია და 1889 წლიდან სწავლა კიევის სასულიერო აკადემიაში განაგრძო. სადაც მან თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერმა სტუდენტმა. 1892 წელს ის ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა საქართველოში.
აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღორძინებაში. 1917 წლის 12 (25) მარტს ქართველმა სამღვდელოებამ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმოდ გამოაცხადეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. დეკანოზი კალისტრატე ჯერ საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობაში აირჩიეს, ხოლო 17 სექტემბერს – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობის უმაღლეს ორგანოში – საკათალიკოსო საბჭოში. იგი მონაწილეობდა ყველა იმ მოლაპარაკებაში, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების პრობლემებს ეხებოდა. 1923 წლის იანვარში დეკანოზი კალისტრატე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს წევრებთან ერთად ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს. მან მეტეხის ციხეში 3 წელი გაატარა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე III-ის გარდაცვალების შემდეგ, 1932 წლის 10 იანვარს საგანგებოდ შეიკრიბა საკათალიკოსო სინოდი. სინოდმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება მიტროპოლიტ კალისტრატეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამორჩევის შესახებ. 1932 წლის 21 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-6 კრებაზე იგი არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. 24 ივნისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი აღსაყდრება.
კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე 1952 წლის 3 თებერვალს 86 წლის ასაკში აღესრულა. უწმიდესი კათოლიკოსის ნეშტი დაკრძალეს სახელოვანი წინამორბედების – უწმიდესი კირიონ II-ის, ლეონიდის, ამბროსის, ქრისტეფორეს გვერდით სიონის საპატრიარქო ტაძარში.