ვატიკანმა დაგმო განცხადება იმის შესახებ, რომ იტალიაში მომხდარი მიწისძვრები "უფლის სასჯელია"
09.11.2016
ვატიკანმა დაგმო კათოლიკური რადიოსადგურის - "რადიო მარიას" - ეთერში გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ იტალიაში ბოლო სამი თვის განმავლობაში მომხდარი მიწისძვრები "უფლის სასჯელია".
პაპის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, არქიეპისკოპოსმა ანჯელო ბეჩუმ განაცხადა, რომ "რადიო მარიას" კომენტარები შეურაცხმყოფელი და სკანდალური იყო.
დომინიკელი ბერი - ჯოვანი კავალჩოლი კი, რომელმაც რადიოს ეთერში გააკეთა განცხადება, ამტკიცებდა, რომ მიწისძვრები "ღვთის განგებულებით" მოხდა და მათი პროვოცირება ადამიანთა ცოდვამ, კერძოდ კი იტალიაში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებამ გამოიწვია.
"რადიო მარიამ" თავის საიტზე გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ ეს კომენტარები რადიოსადგურის ოფიციალურ შეხედულებას არ წარმოადგენს.
3 ნოემბერს, ღამით, იტალიაში 4,8 ბალი მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
31 ოქტომბერს, ღამით ასევე მოხდა 6,6 ბალიანი მიწისძვრა, რომლის შედეგად 20-მდე ადამიანი დაშავდა, უფრო ადრე - 27 ოქტომბერს, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მოხდა ორი მიწისძვრა - 6,0 და 5,4 ბალიანი მაგნიტუდისა. ორივე საკმაოდ ძლიერი იყო და რომშიც შეგრძნობოდა. მიწისქვეშა ბიძგებმა ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა.
24 აგვისტოს მომხდარი 6,2 ბალიანი მიწისძვრის შედეგად 280 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა შენობები დასახლებულ პუნქტებში - უმბრიაში, ლაციოსა და მარკეში.