მიტროპოლიტ ავგუსტინეს ინტერვიუ საერთომართლმადიდებლურ კრებასთან დაკავშირებით
კოლიმბარი – 27.06.2016
გერმანიის მიტროპოლიტი და ცენტრალური ევროპის ეგზარქი ავგუსტინე (ლაბარდაკისი), კონსტანტინოპოლის ეკლესია – და მასთან ერთად ორი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი გერმანიიდან, კრეტის კრებაში დელეგატების რანგში იღებდნენ მონაწილეობას. 78 წლის მიტროპოლიტი ინტერვიუში კრების თათბირების დასრულების შემდეგ პირველ შთაბეჭდილებებს გაგვაცნობს.
წარმოშობით კრეტელი მთავარეპისკოპოსი, საეპისკოპოსო კათედრა ბონში, ამავრდოულად არის გერმანიაში მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა ერთობლივი სამუშაო ჯგუფის თავჯდომარე. ინტერვიუში ის ასევე შეეხო იმ ოთხ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომლებიც კუნძულ კრეტაზე გამართულ საერთომართლმადიდებლურ კრებაზე არ იყვნენ წარმოდგენილნი.
მეუფე აგვუსტინე, როგორია თქვენი თვალით დანახული კრება?
მიტროპოლიტი ავგუსტინე: ეს იყო რვა გადატვირთული და ასევე დაძაბული დღე. რაც გამოწვეული არ იყო ჩემი მშობლიური კუნძული კრეტის ცხელი ჰავით, არამედ ის რომ, ჩვენ დეტალურად დავამუშავეთ ტექსტები, (ოთხ ენაზე!) რომელიც რთულ თეოლოგიურ დოკუმენტებად გარდაიქმნა. დაახლოებით სამასმა ეპისკოპოსმა მთელი მსოფლიოდან ინტენსიურად იმუშავეს. მე პირადად კვლავ შევხვდი ბევრ ნაცნობს, არა მხოლოდ კონსტანტინოპოლის ეკლესიიდან, რომელსაც მე ვეკუთვნი, არამედ აგრეთვე სხვა მართლმადიდებელი ეკლესიებიდან.
რომელია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა?
მიტროპოლიტი ავგუსტინე: ვინაიდან პირადად მე ხუთი ათეული წელიწადია გერმანიაში ვცხოვრობ. განსაკუთრებით დაინტერესებული ვიყავი საეკლესიო დიასპორის საკითხით, რომელიც კრებაზე იქნა მიღებული. უმთავრესი მიღწევა არის ის, რომ წმინდა და დიდ კრებას ექნება სისტემური ხასიათი, რომლის ჩატარებასაც აღარ დასჭირდება ლოდინი, ათეული წლები ან საუკუნეები. არამედ კრება ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ გაიმართება, მიუხედავად იმისა რომ კრების ჩატარების ეს კონკრეტული დროითი შუალედი არ იქნა ასახული წმინდა და დიდი კრების მწყემსთავრულ გზავნილში, მაგრამ კრებაზე გამართულ მოლაპარაკებებში იქნა დასახული.
რა შედეგები ექნება დიასპორის დოკუმენტს მართლმადიდებელი მორწმუნეებისათვის გერმანიაში?
მიტროპოლიტი ავგუსტინე: მდგომარეობა, რომელიც არსებობს გერმანიასა და ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ამ მხრივ, კერძოდ კი ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიების ეპარქიები, რომლებიც ერთ სივრცეში პარალელურად არსებობენ. მიღებულ დოკუმენტში ეს მდგომარეობა შეფასებულ იქნა კანონიკურ ანომალიად. ამ პრობლემის გადასაჭრელად საეკლესიო სამართლით ყველასთვის მისაღები ცალსახა გამოსავალი ჯერჯერობით ვერ მომწიფდა. ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ყველა იმ ტერიტორიაზე სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიების ადგილობრივ ეპისკოპოსთა ერთობლივმა სამუშაო ჯგუფებმა ერთმანეთთან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ. ისინი ახლა იმუშავებენ კრების დავალებით და არა როგორც ნებაყოფლობითი ან ამაო სამუშაო საზოგადოებები, არამედ იქნებიან ჩვენი ეკლესიის სინოდალურობის ცოცხალი გამოხატულებები.
როგორ ფიქრობთ მომავალში თქვენს მემკვიდრეს ექნება საეკლესიო ტიტულატურა "გერმანიის მიტროპოლიტი"?
მიტროპოლიტი ავგუსტინე: თქვენ მიანიშნებთ იმ რეკომენდაციებზე, რომელიც მიეცათ ადგილობრივ ეკლესიებს, რათა თავიდან აერიდებინათ საეკლესიო ტიტულატურის განმეორება. ეს ეხება გერმანიასაც. მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩემი მემკვიდრე აუცილებლად იქნება ამ ტიტულატურის მატარებელი.
ეკუმენურ ურთიერთობებზე იყო ცხელი დისკუსიები. იყო ასევე ამ მხრივ წინგადადგმული ნაბიჯები?
მიტროპოლიტი ავგუსტინე: დისკუსია რომელსაც თქვენ ეხებით გადაჯაჭვულია იმ საკითხთან, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთი მსოფლიო ეკლესია, რომელსაც განსხვავებულ პირობებში უწევს მოღვაწეობა. ეპისკოპოსებმა მსოფლიოს ხუთი კონტინენტიდან მოგვახსენეს საკუთარი განსხვავებული გამოცდილებების შესახებ ეკუმენურ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ეკუმენური ურთიერთობის შესახებ ამ მოხსენებებმა კრების დოკუმენტებში ჰპოვა ასახვა, როგორც დიალოგი და ძიება დაკარგული ერთიანობის, რომელიც ჩვენი ეკლესიის ამოცანად რჩება. ეს კი კარგია.
თქვენ კრების დაწყებამდე მკაცრად გააკრიტიკეთ ოთხი ეკლესიის (ანტიოქია, რუსეთი, საქართველო, ბულგარეთი) უარი კრებაში მონაწილეობაზე. გსმენიათ იმის შესახებ, თუ როგორი იქნება მათი მოქმედება კრების შემდეგ?
მიტროპოლიტი ავგუსტინე: ოთხივე პატრიარქმა საკუთარი უარი თავიანთი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით დაასაბუთა და ჩვენ, მეტად თუ ნაკლებად კრეტის კრების მუშაობაში წარმატებები გვისურვეს. კრების გადაწყვეტილებებზე ხელმოწერების დამატება შესაძლებელია, ხოლო მიღებულ დოკუმენტებზე ზოგიერთი საპატრიარქოების შეთავაზებული ცვლილებები იქნა გათვალისწინებული, კრების კარი არ დახურულა. როგორც ითქვა შემდგომი წმინდა და დიდი კრება კვლავ ჩატარდება.
გერმანიის მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა სამუშაო ჯგუფიდან სამი ეპისკოპოსი იმყოფებოდა კრეტაზე, დანარჩენი სამი, რომელიც საკუთარი ეკლესიების დელეგატებად იყვნენ მოაზრებულნი, შესაბამისად ვერ შეძლეს კრებაში თანამონაწილეობა. ექნება ამას თქვენ შემდგომ საერთო სამუშაოზე გავლენა?
მიტროპოლიტი ავგუსტინე: დიახ, კრეტაზე იყვნენ სამი ეპისკოპოსი გერმანიის მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა ერთობლივი სამუშაო ჯგუფიდან, ესენი არიან რუმინეთის მიტროპოლიტი სერაფიმე, სერბეთის ეპისკოპოსი სერგი და მე. ჩვენ შემდგომ სამუშაო შეხვედრაზე, ნოემბერში, ბერლინში, სახლში დარჩენილების ინფორმირებასაც მოვახდენთ კრების შესახებ. სხვათაშორის გერმანიის პრეზიდენტსაც, რომელსაც შემდგომში ვესტუმრებით. სამომავლო ერთიანი მუშაობისათვის მე ვერანაირ დაბრკოლებას ვერ ვხედავ: ჩვენ ვართ შეთამაშებული გუნდი.
წყარო: http://www.katholisch.de/aktuelles/aktuelle-artikel/die-tur-ist-nicht-zugeschlagen
გერმანულიდან თარგმნა შოთა კინწურაშვილმა
ქართული თარგმანის წყარო:
https://shotakintsurashvili.wordpress.com