აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გარეთ კი აღმოჩენილია ადრეული შუა საუკუნეების კარგად შემონახული, აქამდე უცნობი ეკლესიის ნაშთები, ასევე ასომთავრული წარწერა და მრავალი სახის დეკორატიული ნივთი, რომელიც, სავარაუდოდ, მეათე საუკუნეს მიეკუთვნება.


კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ "საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდთან" ერთად აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო. ამ ეტაპზე, რეაბილიტაციის ფარგლებში, ტაძრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.
აწყურის ტაძრის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების დასრულების შემდეგ კი დაგეგმილია ტაძრის მცირე კონსტრუქციული გამაგრებები; აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება.
