მართლმადიდებელთა კრება კუნძულ კრეტაზე 24 ივნისს დილიდან განიხილავდა დოკუმენტს "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი".
როგორც გატყობინებდით დოკუმენტის ირგვლივ ხანგრძლივი მსჯელობა გაიმართა და კონსენსუსი ვერ შედგა.
რომფეა.გრ-ს ინფორმაციით, საბერძნეთის ეკლესია ეწინააღმდეგებოდა ტერმინ "ქრისტიანულის" გამოყენებას სხვა კონფესიებისადმი, მაგრამ ეს არ იქნა აღიარებული მსოფლიო ეკლესიის პოზიციად.
ასევე ცნობილი გახდა, რომ კვიპროსის არქიეპისკოპოსმა დაადანაშაულა ეკლესია მისი პოზიციის გამო, რის შემდეგაც არქიეპისკოპოსი იერონიმე იძულებული გახდა ჩარეულიყო და ეთხოვა მეუფე ქრიზოსტომოსისთვის, ბოდიში მოეხადა.
იყო განსხვავებული მოსაზრებები ტერმინ "ეკლესიის" გამოყენების შესახებ. ზოგი ემხრობოდა ამ ტერმინს, ზოგიც მის ნაცვლად "კონფესიის" ან "რელიგიური საზოგადოების" გამოყენებას ითხოვდა.
სერბეთის პატრაირქმა ირინეოსმა, როგორც აღმოჩნდა, დოკუმენტის ტექსტი სესიის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე წაიკითხა და მოითხოვა, რომ ეს დოკუმენტი კრებას ღიად დაეტოვებინა სამომავლოდ. ამ შეთავაზებას არ დაეთანხმა პატრიარქი ბართლომეოსი.
და ბოლოს, არაერთმა სერბმა ეპისკოპოსმა საყვედური გამოთქვა პატრიარქ ირინეოსისადმი იმის გამო, რომ მათ არ მიეცათ შესაძლებლობა, დროულად გაცნობოდნენ დოკუმენტის ტექსტის ამ რედაქციას.