ყოველ დილას იმ ფიქრით ვდგები, რომ ბავშვებს რა ვაჭამო
16.05.2016
ჟუჟუნა მათურელმა მეუღლესთან დაკავშირებული პრობლემების გამო ბინა რამდენიმე წლის წინ გაყიდა, მეუღლეს მაინც ვერ უშველა და უსახლკაროდ შვილთან და 2 მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად დარჩა.
ქვიშხეთის ქუჩაზე იქირავეს ბინა, მაგრამ ქირის გადახდაც ვერ შეძლეს და იძულებულნი გახდნენ ნაქირავებიც დაეტოვებინათ. ახლა სამადლოდ ერთი ნაცნობის სახლში ცხოვრობენ, თუმცა მათი გაჭირვება ამით არ დასრულებულა. ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი მხოლოდ ჟუჟუნას პენსია და სოციალური დახმარება -78 ლარია. ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, წამლების ფულადაც კი არ ჰყოფნით ეს თანხა.
"ახლა ამ სახლში გაზი გადაგვიჭრეს, ცოტა ხანში ალბათ დენსაც ჩაგვიჭრიანო - გვითხრა ატირებულმა ქალმა - ფიზიკურ შრომაზე არ ვამბობ უარს, ხანდახან სახლს ვულაგებ ხოლმე, ვისაც დასჭირდება, მაგრამ ეს ბოლო თვეა, აღარავინ გამოჩნდა, ყოველ ღამე იმ ფიქრით ვიძინებ და დილას იმ ფიქრით ვდგები, რომ ბავშვებს რა ვაჭამო, საიდან რა მოვიტანო. მეხმარებიან მოძღვრებიც, ჟურნალისტებიც, საპატრიარქოც დამეხმარა ამ ზამთარს და გაზის გამათბობელი გვიყიდეს, ძალიან მადლიერი ვარ მამა ანტონ კანდელაკისა, რომელმაც 300 ლარი გადმომცა - ამით ქირის დავალიანების ნაწილი დავფარეთ, მაგრამ 380 ლარი კიდევ გვაქვს გასასტუმრებელი და მერე იქნებ იმ ბინაში დავბრუნდეთ. ეხლა ძალიან რომ არ გამჭირვებოდა, თქვენც არ შეგაწუხებდით."
ქალბატონ ჟუჟუნას ჩვენი დახმარების იმედი აქვს. იქნებ შევძლოთ ერთად და ყოველდღიური პრობლემები მაინც მოვუგვაროთ.
ტელ.: 555 94 62 75
მისი ანგარიშის ნომერია: GE35TB7008518365100007