5 აპრილს ათონის მთიდან საქართველოში ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი ჩამობრძანდება
04.04.2016
5 აპრილს ათონის მთიდან საქართველოში ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი ჩამობრძანდება, რომელიც სპეციალურად მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისთვის ფონდ "ივერიისას" ინიციატივით დაიწერა.
ხატი, 7 აპრილამდე, ხარების ბრწყინვალე დღესასწაულამდე, მახათას მშენებარე ტაძარში იქნება დაბრძანებული, სადაც სამშაბათს 5 აპრილს, 13:00 საათზე მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესაი ილია II პარაკლისს გადაიხდის.
ხუთშაბათს, 7 აპრილს, 10 საათზე მშენებარე ტაძარში აღევლინება ხარების დღესასწაულის სამღვდელმთავრო წირვა.
ივერიის ღვთისმშობლის ხატთან ერთად საქართველოში ჩამობრძანდება ღირსი მამა გაბრიელ ათონელის ხატი, რომელმაც გადმოცემის თანახმად მეთერთმეტე საუკუნეში ზღვიდან გამოაბრძანა ხმელეთზე ღვთისმშობლის ხატი.
მახათას ტაძრის მშენებლობის ფონდის "ივერიისას" წარმომადგენლები ხატებს 5 აპრილს, გამთენიისას 05:25 საათზე, რეისით თესალონიკი-თბილისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოაბრძანებენ.