თსუ-ში ანთიმოზ ივერიელთან დაკავშირებული თხზულებების თარგმანისა და მონოგრაფიის პრეზენტაცია გაიმართა.
29.03.2016
თსუ-ში ანთიმოზ ივერიელთან დაკავშირებული თხზულებების თარგმანისა და მონოგრაფიის პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტიდან აცნობეს, ორი პუბლიკაციის: "ანთიმოზ ივერიელის დიდაქეები და სხვა თხზულებების" თარგმანის და მონოგრაფიის _ "ანთიმოზ ივერიელი-ქართულ-ევროპული დიალოგი" პრეზენტაციას თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიმიტრუ ბადეა, წმინდა სინოდის წევრები, საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
თსუ-ს რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, წმ. ანთიმოზ ივერიელი XVII-XVIII საუკუნეების განსაკუთრებული გამორჩეული მოღვაწეა. "ქართველი მოღვაწე, რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა რუმინეთში. ის იყო ყოველმხრივ გამორჩეული ადამიანი, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ნაშრომები, რომელიც გამოცემული იყო რუმინულ ენაზე. პრაქტიკულად ეს იყო იმ ეპოქაში ევროპასთან დამაკავშრებული კულტურული ხიდი. რუსთაველის ფონდის დახმარებით, მისი ნაშრომები ქართულ ენაზე ითარგმნა და წიგნის სახით გამოიცია, რაც ქართული კულტურისა და მეცნიერებისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია," _ განაცხადა რექტორმა.
საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დიმიტრუ ბადეამ თავის მხრივ აღნიშნა, რომ ანთიმოზ ივერიელი ძალიან დიდი პიროვნება, რომელმაც თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი რუმინეთში გაატარა.
"ის რუმინელი ერისა და ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი განმანათლებელი იყო," - აღნიშნა ელჩმა დიმიტრუ ბადეამ.
თეოლოგიის დოქტორის, დეკანოზ ალექსი შუტაშვილის განცხადებით, წმ. ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობის შედეგად რუმინეთი მთელ აღმოსავლეთ ევროპაში საგანმანათლებლო ცენტრი გახდა. მისი თაოსნობით არა მხოლოდ რუმინულ, არამედ ქართულ, ბერძნულ, სლავურ, არაბულ ენებზე ასობით წიგნი დაიბეჭდა.
"ის არის პირველი ბერძნულენოვანი სტამბის დამაარსებელი. მისი მოღვაწეობის შედეგად რუმინეთში დამკვიდრდა რუმინულენოვანი ღვთისმსახურება. სამწუხაროდ საქართველოში მისი მოღვაწეობა და მისი ცხოვრება ნაკლებად იყო ცნობილი, ამ პროექტის მეშვეობით კი, როგორც სამეცნიერო წრეებს, ასევე რიგით მკითხველს საშუალება ეძლევა, მის ცხოვრებას, მის ფილოსოფიურ-თეოლოგიურ აზროვნებას უფრო ახლოს გაეცნოს," - განაცხადა თეოლოგიის დოქტორმა, დეკანოზმა ალექსი შუტაშვილმა.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, პუბლიკაციები ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2013 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის
"ანთიმოზ ივერიელი-ქართულ-ევროპული დიალოგი" ფარგლებში თსუ-ს ფილოსოფიის ინსტიტუტის პროფესორების მიერ მომზადდა.
"ანთიმოზ ივერიელის ფილოსოფიურ-თეოლოგიური, საგანმანათლებლო, საერო და საეკლესიო მოღვაწეობა კულტურულ-ისტორიულად მნიშვნელოვანია, რადგან ახლებურად წარმოაჩენს ქართული თეოლოგიური და ფილოსოფიური აზროვნების განვითარების გზებს. მისი მეშვეობით ქართული თეოლოგიური აზროვნება იწყებს ჩართვას ევროპის ისტორიულ, კულტურულ და სააზროვნო სივრცეში. ანთიმოზ ივერიელი კულტურათა წარმატებული დიალოგის მაგალითს წარმოადგენს", _ განაცხადეს უნივერსიტეტში.