13.03.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს შენდობა სთხოვა.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა შენდობის წესი შეასრულა და შენდობის დღესთან დაკავშირებით მრევლს ცოდვათა შენდობისკენ მოუწოდა.
"მაცხოვარი ამბობს, თუ შეუნდობ მოყვასს, უფალი მამაზეციერი შეგინდობს და ამ კურთხეულ დღეს, მე ცოდვილი მონა, გთხოვთ ძმანო და დანო, ჩემო სულიერო შვილებო შემინდეთ ცოდვები ჩემი", - ბრძანა პატრიარქმა.
როგორც უწმინდესმა ქადაგებისას აღნიშნა, დღეს უნდა დავძლიოთ ამპარტავნება და სხვას თუ არ შეუძლია მოსვლა და პატიების თხოვნა, ჩვენ უნდა მოვიკრიბოთ ძალა და ვთხოვოთ პატიება ჩვენს მოყვასს.
"შევთხოვოთ უფალს, რომ მან მოგვცეს ძალა ბოროტებასთან გასამკლავებლად. ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანი უფრო მკაცრი და ბოროტი გახდა. ბოროტება თითქოს მოიცავს ჩვენს ცხოვრებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღვთის მადლი აღემატება ცოდვას და ღმერთი მოწყალეა", - ბრძანა პატრიარქმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შენდობის წესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შენდობის წესი პირველი საუკუნეებიდან მოდის, როდესაც ეგვიპტეში, უდაბნოში მამები და განდეგილი ბერები იკრიბებოდნენ ერთად და შესთხოვდნენ შენდობას ერთმანეთს და გალობდნენ.
ქადაგების შემდეგ ილია მეორემ მრევლი დალოცა და სავედრებელი ლოცვა წაიკითხა.