12.02.2016
შამბეზის წმინდა და დიდ კრებაზე მიღებული ზოგიერთი დოკუმენტი ჩასწორებას მოითხოვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს საპატრიარქოში გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ განუცხადა.
მეუფემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა წმინდა სინოდის სხდომაზე განხილულ საკითხთან დაკავშირებით.
მეუფე ანდრიას განცხადებით, საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომაზე ერთადერთი საკითხი განიხილეს, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდი კრების ჩატარებას ეხებოდა.
"განხილული იქნა დოკუმენტები, რომელსაც წმინდა და დიდ კრებაზე გაიტანენ. რეგლამენტის საკითხი და ასევე შამბეზის იანვრის შეხვედრაზე მიღებული დადგენილება, რომელიც ეკლესიების წინამძღოლებმა მიიღეს. მინდა მოგახსენოთ, რომ დოკუმენტებთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი არის გამოთქმული და ზოგიერთი დოკუმენტი მოითხოვს ჩასწორებას", - განაცხადა მეუფე ანდრიამ.
მისივე თქმით, საზოგადოება ინფორმირებული იქნება რომელი დოკუმენტი მოითხოვს ჩასწორებას. მეუფემ საუბრისას აღნიშნა, რომ რომელ დოკუმენტებში გაკეთდება ჩასწორება, ეს ცნობილი გახდება ამ დოკუმენტებზე მუშაობის დასრულების შემდეგ.
გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ივნისში კრეტაზე დაგეგმილი წმინდა და დიდ კრებაზე საქართველოს დელეგაციის დასწრების შესახებაც ისაუბრა. მისივე თქმით, დელეგაციის შემადგენლობა ჯერ განსაზღვრული არ არის, თუმცა იგი წარმომადგენლობითი იქნება.
"დელეგაციის შემადგენლობა განსაზღვრული არ არის, მხოლოდ ვიცით, რომ რაოდენობრივად როგორი უნდა იყოს დელეგაცია. 24 მღვდელთმთავარი, 6 მრჩეველი (ეს შეიძლება იყოს სასულიერო და საერო პირი) და სამი დამხმარე. ასევე მიღებული იქნა გადაწყვეტილება მასმედიის საშუალებებზე, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას კრებაზე დასასწრებად", - აღნიშნა მეუფე ანდრიამ.
მისივე თქმით, წმინდა სინოდის კრების განჩინება კი, უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.