გიორგი მარგველაშვილი: გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს! ბედნიერებაა, როდესაც ერს ჰყავს ისეთი სულიერი წინამძღოლი, როგორიც თქვენ ბრძანდებით
04.01.2016
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 83 წლის იუბილეს ულოცავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყნის პირველი პირი მისალოც წერილს ავრცელებს, რომელშიც აცხადებს, რომ ბედნიერებაა, ერს ჰყავდეს ისეთი სულიერი წინამძღვარი, როგორიც ილია მეორეა. "თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს! ბედნიერებაა, როდესაც ერს ჰყავს ისეთი სულიერი წინამძღოლი, როგორიც თქვენ ბრძანდებით. თქვენი მრავალწლიანი, დაუღალავი მოღვაწეობა გზამკვლევია შინაგანი სრულქმნის გზაზე თქვენი მრევლისათვის. თქვენი პირადი ღვაწლი უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტებში გვეხმარებოდა განსაცდელთაგან გაძლიერებულნი გამოვსულიყავით და მეტი შემართებით გაგვეგრძელებინა სწრაფვა უკეთესი მომავლისაკენ. კვლავაც დღეგრძელობას, ჯანმრთელობასა და მხნეობას გისურვებთ საქართველოსა და თქვენი სამწყსოს საკეთილდღეოდ. ღმერთი გფარავდეთ თქვენ და ჩვენ ქვეყანას," – ნათქვამია პრეზიდენტის მისალოცში.