მრავალი განსაცდელი გამოუვლია საქართველოს, მაგრამ წმინდა გიორგის ლოცვით გამარჯვებული გამოსულა
23.11.2015
მრავალი განსაცდელი გამოუვლია საქართველოს, მაგრამ წმინდა გიორგის ლოცვით საქართველო გამოსულა გამარჯვებული, - ამის შესახებ დღეს ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას ბრძანა.
ტაძარში მსახურებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ესწრებოდნენ.
პატრიარქმა ქადაგებისას მიმართა პრემიერს, მინისტრებს, ტაძარში შეკრებილთ და სრულიად საქართველოს გიორგობის დღესასწაული მიულოცა.
კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, წმინდა გიორგი არის სიმბოლო საქართველოსი და მფარველი.
"მრავალი განსაცდელი გამოუვლია საქართველოს, მაგრამ წმინდა გიორგის ლოცვით საქართველო გამოსულა გამარჯვებული. აი დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ დაიცვას და დაიფაროს საქართველო ხილული და უხილავი მტრებისაგან", - აღნიშნა პატრიარქმა.
უწმინდესმა ტაძარში შეკრებილთ მიმართა წმინდა გიორგის ტროპარი ერთად ეთქვათ.
პატრიარქმა ქადაგებისას გაიხსენა წმინდა გიორგის ცხოვრება. უწმინდესის თქმით, ბოროტება მუდამ ებრძოდა სიკეთეს, მაგრამ სიკეთემ უნდა იმარჯვოს.
"როცა ადამიანს გონია, რომ ის მიტოვებულია ხალხისაგან, ღვთისაგან, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ამას ვფიქრობთ უფალი ჩვენთანაა. უფალი ჩვენს გვერდითაა", - განაცხადა პატრიარქმა.
უწმინდესმა ასევე იმპერატორი დიოკლეტიანე გაიხსენა, რომელაც აწამა წმინდა გიორგი. უწმინდესის თქმით, ცხოვრების ბოლოს დიოკლეტიანემ მიატოვა სამეფო და საკუთარ მამულში წავიდა, როდესაც მას სთხოვდნენ ტახტზე დაბრუნებას, მან უარი განუცხადა.
"თქვენ რომ იცოდეთ როგორი კომბოსტო მოვიყვანე ამას აღარ მეტყოდით", - განუცხადა დიოკლეტიანემ მათ. ის ფიქრობდა, რომ კომბოსტოს მოყვანა უფრო მთავარი იყო, ვიდრე მეფობა. ალბათ, ის დარწმუნდა, რომ ბოროტება ბოროტებას არ კურნავს, არამედ სიყვარული", - აღნიშნა პატრიარქმა.
უწმინდესმა პრემიერ-მინისტრს საჩუქრად წმინდა გიორგის ხატი გადასცა და ხელისუფლების წევრები დალოცა.