მეტეხის ხიდზე 100 000 ქართველის ხსენების დღესთან დაკავშირებით პარაკლისი ჩატარდა
13.11.2015
მეტეხის ხიდზე 100 000 ქართველის ხსენების დღესთან დაკავშირებით პარაკლისი დასრულდა.
პარაკლისის დაწყებამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მეტეხის ხიდზე შეკრებილებს რამდენიმე სიტყვით მიმართა. "ჯალალ ედ დინი დამარცხდა, საქართველო გაბრწყინდება. ამინ!", - ბრძანა უწმინდესმა.
მეტეხის ხიდზე სხვადასხვა ტაძრის მღვდელმსახურები და მრევლი შეიკრიბა. ისინი იქ სანთლებითა და ყვავილებით მივიდნენ. პარაკლისის დასრულების შემდეგ უწმინდესმა მეტეხის ხიდზე შეკრებილებთან ერთად მტკვარში ყვავილები ჩაუშვა, წმინდა 100 000 ქართველის პატივისცემის ნიშნად.
მეტეხის ხიდზე წმინდა 100 000 ქართველის ხსენების დღის აღნიშვნა თეატრალური წარმოდგენით დაიწყო, რომლის დროსაც ხრიდოლის აკადემიისა და თეატრალური დასის, "ინტერატივის" მსახიობებმა "ქართლის ცხოვრების მიხედვით 100 000 ქართველის წამების დღე გააცოცხლეს. თეატრალურ წარმოდგენამდე კი მეტეხის ხიდზე წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს.
წმინდა 100 000 ქართველი ჯალალ ედ დინის ბრძანებით მეცამეტე საუკუნეში აღესრულა. მათ მეტეხის ხიდზე უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა მოსთხოვეს, თავები დააჭრეს და მტკვარში გადაყარეს.