პატრიარქი დღეს მახათას მთაზე ტაძრის გუმბათის ჯვარს აკურთხებს
20.09.2015
სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი დღეს მახათას მთაზე ტაძრის გუმბათის ჯვარს აკურთხებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდიდან "ივერიისა" აცნობეს, მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გუმბათის ჯვრის კურთხევა 20 სექტემბერს, 19:00 საათზე, შედგება. ჯვრის მოლოცვა თბილისში მცხოვრებ და დედაქალაქში სპეციალურად ამ მოვლენისთვის ჩამოსულ ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
"საზოგადოების დიდი ინტერესის გამო ტაძრის მშენებლობის ფონდი "ივერიისა" ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით უზრუნველყოფს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის შესაბამისად განათებას და ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან მოსახლეობის ტრანსპორტირებას", _ აცხადებენ ფონდში.
მათივე ინფორმაციით, მსურველებს ჯვრის მოლოცვა მთელი ღამის განმავლობაში შეეძლებათ, ხოლო 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღეს, 12:00 საათზე, ერთობლივი ლოცვის შემდეგ, ჯვარი მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გუმბათზე აღიმართება. ღონისძიებას პატრიარქი დაესწრება.
როგორც ფონდში აცხადებენ, მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარს საქართველოში და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები ერთიანი ძალისხმევით და თანაბარი მონაწილეობით აშენებენ. დღეისათვის ტაძრის აღმშენებელთა წიგნში 1 200 000 სახელი და გვარია შეტანილია. მსურველთა გაწევრიანება გრძელდება.