ამ ტაძრისთვის დამზადდა ლუსკუმა, რომელშიც ორასი წმინდანის წმინდა ნაწილი ჩააბრძანეს. ერთად, ერთდროულად შეგიძლიათ 200 სიწმინდეს მიეახლოთ. და იცით რომელ წმინდანთა ნაწილებია ჩაბრძანებული ლუსკუმაში? აი მცირე ჩამონათვალი: წმინდა იოანე ნათლისმცემელი, წმინდა მოციქულნი: პეტრე და პავლე, ანდრია, იაკობ ზებედესი, ფილიპე და ბართლომე, თომა, იაკობ ალფესი, იაკობი - ძმა უფლისა, ლუკა მახარებელი, ტიტე, პირველმოწამე სტეფანე, დიდმოწამენი: გიორგი, მარინე, ანასტასია, ეკატერინე, ქეთევან დედოფალი, დავით და კონსტანტინე, პანტელეიმონი, მინა, დიმიტრი თესალონიკელი, წმინდა მღვდელმთავარნი, მღვდელმოწამენი, ღირსმოწამენი, კიევ-პეჩორის, გლინისა და ოპტის უდაბნოს წმინდა მამები, ღირსი ოდესელი მამები, წმინდა ბარბარე, მართალნი: ანა, ელისაბედი, იოსები და კიდევ მრავალი.

წიგნის წინასიტყვაობაში, რომელიც შემოქმედელ მიტროპოლიტ იოსებს ეკუთვნის, ვკითხულობთ:
"წინამდებარე კრებული შესანიშნავი საჩუქარია მათთვის, ვინც უპირველესად, ცათა სასუფევლის ძიების გზას ადგას.
იხსნება ლუსკუმა, რომელშიც ჩოხატაურის რაიონის სოფელ საჭამიასერში მდებარე წმინდა ბარბარეს ტაძრის 200 სიწმინდეა ჩაბრძანებული.
აქ მოთხრობილია წმინდა მოციქულთა, წმინდა მღვდელმთავართა, დიდმოწამეთა, მღვდელმოწამეთა, წმინდა მოწამეთა, წმინდა ღირსმოწამეთა, აღმსარებელთა, გლინის უდაბნოს ბერთა, კიევ-პეჩორელ მამათა, ოპტელ ბერთა, წმინდა ღირს ოდესელ მამათა, კეთილმორწმუნე თავადთა და მართალთა შესახებ.
ჭეშმარიტი მართლმადიდებლისათვის ცხადზე უცხადესია, თუ რა მადლმოსილება ახლავთ სიწმინდეებს. წმინდანთა სულები ზეციური სიმაღლიდან გადმოჰყურებენ ჩვენს მიწიერ ცხოვრებას, ისმენენ ჩვენს ლოცვებს და გულითადად გვეხმარებიან.
ჩვენ მოვალენი ვართ, პატივი მივაგოთ მათ სახელებს, ვიცოდეთ მათი ღვთიური ღვაწლის შესახებ, მათი მოწამებრივი ცხოვრების გზა. ასე რომ, წინამდებარე წიგნი დიდ სამსახურს გაგიწევთ ცათა სასაუფევლის ძიების გზაზე. ჩაუღრმავდით მას.
უფალი იყოს თქვენი მფარველი!"
ტაძრის მშენებლობის ორგანიზატორი, ქალბატონი ნინო ახობაძე მოკრძალებით მიმართავს მკითხველს:

"ამჯერადაც წიგნის შეძენით გამოხატული თქვენი თანადგომა უდიდესი წვლილი იქნება ტაძრის საბოლოოდ დასრულებისათვის. მართალია, ეკლესიის მშენებლობა დამთავრდა, მაგრამ ასაშენებელია სამრეკლო, გალავანი, შესაძენია ზარები. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს ტაძარი სრულქმნილ სახეს.
გვჯერა, რომ მალე წმინდა ბარბარეს ტაძრის სამრეკლოდან აწკრიალებული ზარების ხმა სრულიად საქართველოს ეკლესია-მონატრების ხმას შეუერთდება".
წიგნის ფასია 20 ლარი.
ლუსკუმა იმოგზაურებს საქართველოს სხვადასხვა ეპარქიაში, დაბრძანებულ იქნება თბილისის არაერთ ტაძარში. ჩვენ აუცილებლად გაცნობებთ მისი გადაბრძანების ვადების შესახებ.
წიგნის შეძენა კი შეგიძლიათ: სამების საკათედრო ტაძარში, სიონისა და ქაშვეთის ტაძრებში, წმინდა ბარბარეს ეკლესიაში, სვეტიცხოველში, შავნაბადას მონასტერში. საეკლესიო მაღაზიათა ქსელში: "იადგარი", "ჯვარი", "შემოქმედი".
ქალბატონ ნინო ახობაძეს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 593 37 02 25.

თუ სურვილი გაქვთ, რომ სიწმინდე მობრძანდეს თქვენს ეპარქიაში, საჭიროა ეპარქიის მღვდელმთავრის კურთხევა. დაგვიკავშირდით 593 37 02 25
11.05.2017
პ.ს ხატი სანაწილე, რომელშიც 200 უდიდესი სიწმინდეა ჩაბრძანებული, ქაშვეთის ტაძარში იმყოფება. 13 მაისს მას გადააბრძანებენ დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიაში და 2 კვირის განმავლობაში იქ დარჩება.