საქართველოს საპატრიარქო სამაჩაბლოს ტერიტორიაზე არსებულ მონასტრებთან დაკავშირებით იუნესკოს მიმართავს
14.07.2015
საქართველოს საპატრიარქო იუნესკოს საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიებზე არსებულ ეკლესია-მონასტრებზე ზედამხედველობას სთხოვს.
გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ ყოვლად მიუღებლად შეაფასა სამაჩაბლოს ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის ხაზის გადმოწევა.
"რაც შეეხება სამაჩაბლოს ტერიტორიაზე არსებულ ჩვენს ეკლესია-მონასტრებს, სამწუხაროდ, როგორც ცნობილია თირის მეთხუთმეტე საუკუნის უნიკალური ფრესკები ნაწილობრივ დაზიანდა. გადაკეთდა ცხინვალის ღვთისმშობლის ეკლესიაც. ისტორიული ღირებულების მქონე ძეგლებისადმი ასეთი დამოკიდებულება სირცხვილია ნებისმიერი საზოგადოებისთვის. რამდენადაც ჩვენ ვიცით, აღნიშნულმა ფაქტებმა ცხინვალის ინტელიგენციაშიც უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია, რაც გვაძლევს იმედს იმისას, რომ საშიშროება, რომელიც სავარაუდოდ, ემუქრებოდა სხვა ქართულ ტაძრებსაც (იკორთა, პარმას, ყანჩაეთს, გომართას) რეალობად არ იქცევა. ამასთან, ჩვენ ვთხოვთ იუნესკოს საერთაშორისო ორგანიზაციას დაგვეხმარონ, რათა ჩვენს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე არსებულ ეკლესია-მონასტრებზე ზედამხედველობა გასწიონ, რათა მსგავსი ქმედებები აღიკვეთოს", - განაცხადა მეუფე ანდრიამ.