ედემის ბაღი - პატრიარქის “სიმშვიდის კუნძული”
“ხეები მგრძნობიარენი არიან. თვალისათვის ძნელად შესამჩნევია, მაგრამ სიყვარულს ამჟღავნებენ მათი მზრუნველის, მომვლელ-პატრონის მიმართ... საოცარ ძალას იჩენენ დიდი გრძნობითა და სიყვარულით დარგული ნერგები”

“დიდი სიხარულიცა და დიდი მწუხარებაც ადამიანს განსაკუთრებულ მდგომარეობაში აყენებს: ამ გრძნობის გამოხატვის ერთ-ერთ სიმბოლოდ უნდა იქცეს ხეების დარგვა. ვფიქრობთ, ცალკე უნდა გამოიყოს ადგილი, სადაც ყველაზე ბედნიერი ადამიანები, - ახალდაქორწინებული წყვილები და ახალდაბადებული ბავშვების მშობლები დარგავენ ნერგებს მათთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი და გამორჩეული დღის აღსანიშნავად”, - ამასაც ჩვენი პატრიარქი გვეუბნება. თავად მან ამ ოცი წლის წინ საკუთარი ხელით დარგო კიპარისები საპატრიარქოს ბაღსა და ორანჟერეაში. დღეს ბაღსა და ორანჟერეას ბევრი სტუმრობს და იქიდან სულ სხვა ადამიანი გამოდის. ამ სიმშვიდის “კუნძულზე” შეუძლებელია იმაზე ფიქრი, რომ გარშემო არსებობს ხმაური, ჩხუბი, დავა და მტვერი...

- სხვაგანაც მინახავს 20 წლის კიპარისები, მაგრამ არსად ასე მაღალი... როგორ ზრდით?! - ვეკითხები საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგა-დოებრივი კოლეჯის დირექტორის მოადგილეს დედა თეკლეს.
- მოვლით, - მპასუხობს ღიმილით, - თუმცა მოვლაზე მეტად უწმინდესის ლოცვა-კურთხევა ზრდის. იცით, დარგვისას ეუბნება ხოლმე, - “გაიხარე და გამახარე!” ისე ელაპარაკება, როგორც ცოცხალს. შემოდგომით, როცა მცენარეებმა უნდა დაიძინონ, ასე ლოცავს: “მშვიდობით დაიძინე და გაზაფხულზე მშვიდობით გაიღვიძეო”...
ეს ბაღი სავსეა ეგზოტიკით და სილამაზით. ვინც იცის, რომ უწმინდესს მცენარეები უყვარს, ჩუქნის. მერე აქ ვრგავთ და ძალიან მალე ეგუებიან ამ მიწას, ლაღდებიან. ერთმანეთთან ძალიან ახლოს და ჰარმონიულად ცხოვრობენ სხვადასხვა ჯიშის ყვავილები და ხეები, ყველას თავისი წილი მზე ჰყოფნის.
- ალბათ იმიტომ, რომ მომვლელმა მათი ენა იცის, იცის, რომელ მცენარეს რომელი მცენარე მოსწონს და უყვარს...
- ამას ჩვენ საპატრიარქოს დეკორატიულ კოლეჯში ვასწავლით, როგორც ორი ადამიანი არ ჰგავს ერთმანეთს, ისე არ ჰგვანან მცენარეები: ზოგი ჩრდილის მოყვარულია, ზოგი მზის, ზოგი ნესტის... ზოგი გამორჩეულია და ზოგიც - ჩუმი და უპრეტენზიო... მაგალითად, ჩვენი ბაღის მშვენებას, 300-წლოვან ზეთისხილებს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება, ჩვეულებრივ, კირქვიან ნიადაგზეც მშვენივრად ხარობენ, უპრეტენზიოდ, ისე, როგორც თავიანთ სამშობლოში, საბერძნეთში...

- ეს ბევრს აინტერესებს, - უწმინდესის სიყვარულითა და კურთხევით, ჩვენთან ჩამოიტანეს რამდენიმე მრავალსაუკუნოვანი ზეთისხილის ხე, მათ შორის ერთი რუსთაველის პროსპექტზე, ქალაქის მტვერსა და გამონაბოლქვშიც გალაღდა. ასე როგორ ხდება? ცოცხალი არსება, რომელსაც მშობლიურ მიწაში 300-400 წელიწადი აქვს გატარებული, სულ სხვა, უცხო მიწას ასე ადვილად როგორ ეგუება?
- ამის ოსტატები საბერძნეთში არიან. ზეთისხილი იმ ასაკს რომ მიაღწევს, რომ მსხმოიარობა უკვე ნაკლები აქვს, თავის ფესვიან-მიწიანად იღებენ, უზარმაზარ კონტეინერებში რგავენ და სხვაგან მიაქვთ. ასე ეხმარება თავისი მიწა სხვასთან შეგუებაში. ჩვენი ზეთისხილები კი ახლაც მსხმოიარობენ, ვკრეფთ და მარინადსაც ვამზადებთ...
როგორ უვლიან პატრიარქის ბაღში შოშიებს, ვინ ახარებს ვარდებს და კიდევ ბევრ საინტერესო რამეს, უფრო დაწვრილებით იხილავთ ჟურნალში “შინ", რომელიც ყოველი თქვენგანის საყვარელი ჟურნალი გახდება.
ეს იქნება ჟურნალი თქვენი სახლისთვის - ყველაფერი სახლზე, პრაქტიკული რჩევები ბინის, ეზოს, აგარაკის მოსაწყობად და მოსავლელად, ექსკლუზიური ფოტორეპორტაჟები ცნობილი ადამიანების სახლებიდან, მასტერკლასები საოჯახო ნივთების შინ დასამზადებლად, ქართული ტრადიციული ხელსაქმე, სამკურნალო ბალახეული, საინტერესო ამბები ქართული სოფლებიდან, დიასახლისებისთვის საჭირო რჩევები და კიდევ ბევრი სხვა რამ. არ გამოგრჩეთ, პირველი სრულყოფილი და ძალიან საინტერესო ჟურნალი თქვენი სახლ-კარისთვის! "შინ" სულ მალე გამოჩნდება დახლებზე!