26.06.2015
გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ , რომ მომღერალი ეთერ კაკულია გარდაიცვალა.
ეთერ კაკულია დიდი ხნის განმავლობაში ავადმყოფობდა. ის მძიმე სენით იყო დაავადებული
და რამდენიმე ხნის წინ ისრაელიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. ეთერ კაკულია საკუთარ სახლში 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ეთერ კაკულია 1948 წელს დაიბადა. იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი. მღეროდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ორკესტრში. 1964 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტია, ამავე წლიდან მღეროდა სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ "რეროში". 1986 წლიდან ტელერადიოკორპორაციის სოლისტია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
2014 წლის 29 ნოემბერს ეთერ კაკულიას ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. მომღერალმა ვარსკვლავის საზეიმო გახსნის დროს სატელეფონო მილოცვა საქართველოს პატრიარქისგან მიიღო. ეთერ კაკულიას თავისი შემოქმედების მანძილზე სხვადასხვა კომპოზიტორის მიერ დაწერილი 200-მდე სიმღერა აქვს შესრულებული, ასევე შესრულებული აქვს ჰიმნები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონზე.