ღმერთმა ინებოს, რომ ღვთის ძალით გავრცელდეს მართლმადიდებლობა მთელ მსოფლიოში
01.03.2015
საქართველო აირჩია ღმერთმა და განამტკიცა მართლმადიდებლობა ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა . მან მრევლს მართლმადიდებლობის ზეიმი მიულოცა.
"ღმერთმა ინებოს, რომ ღვთის ძალით გავრცელდეს მართლმადიდებლობა მთელ მსოფლიოში. მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტი სარწმუნოება. საქართველო აირჩია ღმერთმა, საქართველო არის წილხვედრი ქვეყანა ღვთისმშობლის და ამ ქვეყანაში განამტკიცა მართლმადიდებლობა", - აღნიშნა პატრიარქმა.
მისივე თქმით, მართლმადიდებლობის ზეიმი არის ჭეშმარიტების ზეიმი. "ეს არის ზეიმი, რომელიც დადგინდა ხატის თაყვანისცემის აღიარების შემდეგ. ჯერ კიდევ VII-VIII საუკუნეში იყო დიდი ბრძოლა ხატის წინააღმდეგ. ზოგიერთს მიაჩნდა, რომ ხატი არის კერპი და ამიტომ წინააღმდეგი იყო ხატების, თუმცა მერე დადგინდა თაყვანისცემა. მრავალი ხატია სასწაულმოქმედი. ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოში მრავალ ხატს სდის მირონი. ეს ყველაფერი ხდება ჩვენი სარწმუნოების განმტკიცებისთვის", - განაცხადა პატრიარქმა.
უწმიდესმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ზეიმის დროს, 25 წლის წინ, ღმერთმა ინება და მსოფლიო პატრიარქმა ცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და საპატრიარქო წოდება. "მე მახსენდება ის წლები, როდესაც სადავო იყო ავტოკეფალია და პატრიარქის წოდება მსოფლიო პატრიარქის მიერ. დიდი შრომა, დიდი სულიერი ბრძოლა დაგვჭირდა ჩვენ, ჩვენს მეცნიერებს, რომ აღიარებული ყოფილიყო საქართველოს ავტოკეფალია და პატრიარქის წოდება. 25 წლის წინ ჩვენი დიდი დელეგაცია ჩავიდა მსოფლიო პატრიარქთან, ერთობლივად შევასრულეთ წირვა და ჩვენ გადმოგვცეს ორი სიგელი, სადაც აღიარებს მსოფლიო პატრიარქი საქართველოს ავტოკეფალიას და პატრიარქის წოდებას. ეს იყო ყოვლადუწმინდესი, მსოფლიო პატრიარქი დიმიტრიოსი და დღეს ჩვენ განსაკუთრებით ვლოცულობთ მისი სულისთვის, ღმერთმა აცხონოს და ნათელში ამყოფოს მისი სული", - განაცხადა ილია მეორემ.
დიდმარხვის პირველ კვირიაკეს, დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს. ამ დღეს ეკლესია ხატთმებრძოლობაზე გამარჯვებასა და ხატთა თაყვანისცემას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია გაიმართა.
ხატმბრძოლობა მე-8 საუკუნის I ნახევარში ბიზანტიაში წარმოიშვა და მთელი საუკუნის განმავლოვაში მძვინვარებდა. ხატმბრძოლობა დედოფალ თეოდორას მმართველობის დროს დასრულდა. დედოფალმა ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და ქვეყნიდან განდევნილი მართლმადიდებლები დააბრუნა.
ამასთან, 842 წელს ადგილობრივმა კრებამ, რომლის აქტები მეშვიდე მსოფლიო კრების დადგენილებებს ეფუძნებოდა, ხატმბრძოლობა დაგმო, ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და მართლმადიდებლობის ზეიმი გამოაცხადა. იმ დღიდან მოყოლებული, მართლმადიდებელი ეკლესია ყოველ წელიწადს, დიდი მარხვის პირველ კვირა დღეს დღესასაწულობს.