ტაძარში გამობრძანებულია წმინდა ალექსანდრე ნეველის წმინდა ნაწილები და მორწმუნეებს მათი მოლოცვის შესაძლებლობა დღის ბოლომდე ექნებათ
06.12.2014
ალექსანდრე ნეველის დღესასწაულთან დაკავშირებით წმინდანის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია დასრულდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და ტაძარში შეკრებილებს ქართულ და რუსულ ენებზე მიმართა. უწმინდესმა აღნიშნა, რომ ჩვენ დღეს ვდღესასწაულობთ ტაძრის დაარსების 150 წლისთავს. მისივე თქმით, აქ მოღვაწეობდნენ დიდი მამები და პატრიარქმა ისურვა მათი მადლით, მათი ლოცვებით ღმერთმა დაიფაროს ყოველი ადამიანი.
ქადაგებისას უწმინდესმა აღნიშნა, რომ 1957 წელს, აქ მოხდა პირველად მისი ბერად კურთხევა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ მესამის დროს.
"ეს იყო მძიმე დრო. გრძელდებოდა სასულიერო პირთა დევნა. შევთხოვ უფალს, რათა ღმერთმა აქ მოღვაწე წმინდა მამების ლოცვებით დაამშვიდოს ჩვენი ცხოვრება და საქართველო და რუსეთი", - ბრძანა უწმინდესმა.
ტაძარში გამობრძანებულია წმინდა ალექსანდრე ნეველის წმინდა ნაწილები და მორწმუნეებს მათი მოლოცვის შესაძლებლობა დღის ბოლომდე ექნებათ. ტაძარში მსახურება 2 ენაზე (ქართულად და რუსულად) პარალელურად ხდებოდა.
წმინდა ალექსანდრე ნეველი ნოვგოროდის მთავარი იყო. იგი 43 წლის ასაკში აღესრულა. სიკვდილის წინ მძიმედ სნეული იყო, როდესაც ბერად აღიკვეცა და მალევე გარდაიცვალა.