ღვთისმშობლის ხატს "ყოველთა მწუხარეთა სიხარული" 6 ნოემბერს ქობულეთისა და ბათუმის საკათედრო ტაძრებში გადააბრძანებენ
05.11.2014
ღვთისმშობლის ხატს "ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ფოთის საკათედრო ტაძრიდან ხვალ ქობულეთისა და ბათუმის საკათედრო ტაძრებში გადააბრძანებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" აფხაზეთის მთავრობიდან აცნობეს, ღვთისმშობლის ხატს "ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ფოთის საკათედრო ტაძრიდან გამოაბრძანებენ და ქობულეთის წმ. ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში 12:30 სათზე დააბრძანებენ. შემდგომაც ხატი ბათუმის საკათედრო ტაძარში 14:30 საათზე გადაბრძანდება, სადაც პარაკლისი აღესრულება. დევნილებსა და მომლოცველებს საშუალება ექნებათ ხატი მოილოცონ.
"ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ერთი წლის წინ, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა. ხატი თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
5 ოქტომბერს ხატი ქუთაისიდან ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში გადააბრძანეს. აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი მამა მალხაზმა (ჭანტურია) გადაიხადა. ხატის გადაბრძანება იმერეთისა და სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონებში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების ორგანიზებით მოეწყო.