გარდაიცვალა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ვლადიმირი
06.07.2014
კიევში 79 წლის ასაკში გარდაიცვალა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ვლადიმირი (ერისკაცობაში ვიქტორ სადობანი).
მიტროპოლიტი კიევის საავადმყოფოში გარდაიცვალა, გარდაცვალების მიზეზი კი ონკოლოგიური დაავადება გახდა. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის ფუნქციას ამჟამად ჩერნოვიცკისა და ბუკოვინსკის მიტროპოლიტი ონუფრი ასრულებს.
მიტროპოლიტ ვლადიმირს მრევლი 6 ივლისს კიევ-პეჩორის ლავრის მიძინების ტაძარში გამოეთხოვება.
ვიქტორ სადობანი 1935 წლის 23 ნოემბერს უკრაინის ხმელნიცკის ოლქის სოფელ მარკოვციში დაიბადა. 1954 წელს ოდესის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა, ხოლო 1958 წელს - ლენინგრადის სასულიერო აკადემიაში, რომელიც 1962 წელს ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაამთავრა.
1962 წლის 14 ივნისს დიაკვნად აკურთხეს, მომდევნო წლის 26 აგვისტოს კი ბერად იქნა აღკვეცილი, 1965 წელს არქიმანდრიტი გახდა, 1973 წელს - არქიეპისკოპოსი, ხოლო 1982 წლის 16 ივლისს - მიტროპოლიტი.
1992 წლის 27 მაისს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა იგი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტად - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლად აირჩია.
2014 წლის თებერვლის ბოლოს მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიის სინოდმა მიტროპოლიტ ვლადიმირის მიერ უფლება-მოვალეობის შესრულება შეუძლებლად მიიჩნია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.