არქიმანდრიტი კვიპრიანე კერნი
"...მე მთელს ადამიანში ვხედავ ღვთაებრივობას"
(Plotin, "Ennead.", III, 2, 3.)
ნაწილი პირველი
ისტორიული
თავი პირველი
ბ. საღვთისმეტყველო ტრადიცია
წმინდა გრიგოლ პალამა რომაელების დიადი იმპერიის აღსრულების წინა საუკუნეში ცხოვრობდა. პალამათი სრულდება ბიზანტიური ღვთისმეტყველება. მის უკან ხანგრძლივი და ბრწყინვალე ქრისტიანული სამწერლობო ისტორია, მწვავე დოგმატური დავები და სარწმუნოებრივი შინაარსის განმსაზღვრელი კრებებია. მთელ ამ სივრცეში წმინდა გრიგოლ პალამას მნიშვნელობა და მისი საღვთისმეტყველო მოღვაწეობა გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, ხოლო გვიანბიზანტიური ღვთისმეტყველების მიმართულება და სტილი რიგი საყურადღებო მომენტებით არის განსაზღვრული. ისტორიული
თავი პირველი
ბ. საღვთისმეტყველო ტრადიცია
1. უწინარეს ყოვლისა, ეს არის პირველქრისტიანულ ლიტერატურასთან კავშირის არარსებობა. სახარება და ეპისტოლური წერილები, ანუ ღვთისმეტყველების მთელი ღვთივგაცხადებული საფუძვლები, უშუალოდ მომდევნო ეპოქასთან კავშირის განხილვის გარეშე, ანუ ახალი აღთქმის გამოცხადება შეისწავლებოდა IV და მომდევნო საუკუნეების წმინდა მამების სწავლების ჭრილში. თავად მოციქულთა და მოციქულთა შემდეგი ეპოქის ხიბლი "Urchristentum'i", რომელიც XIX-XX საუკუნეებში გახდა ცნობილი, ანუ რაზეც დღეს წვდომა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, ბიზანტიელებისათვის არ იყო ხელმისაწვდომი. ჩვენ დაგვეხმარა არქეოლოგია და ტექსტების კრიტიკულ-მეცნიერული შესწავლის შესაძლებლობა, რის გარეშეც ბიზანტიელები ცხადია, რომ იარაღაყრილები იქნებოდნენ. მაგრამ საქმე მხოლოდ სამეცნიერო აპარატის არსებობაში არ არის. ბიზანტიაში ამ ეპოქისადმი ინტერესი ჩამქრალი იყო. თუ ევსები, წმინდა ათანასე და ნეტარი იერონიმე დიდაქესა და კლიმენტინებს კიდევ იხსენიებენ, თუ IV საუკუნის ხელნაწერები ახალი აღთქმის გარდა კიდევ მოიცავენ ერმის "მწყემსს", ფსევდო ბარნაბას ეპისტოლეს და სხვა, თუ ჯერ კიდევ მაშინ ეს ყველაფერი ქრისტიანულ საზოგადოებას იტაცებდა, შემდგომ - წმინდა დოგმატური ასპარეზობების საუკუნეებში, ფართე საღვთისმეტყველო ლიტერატურამ, წმინდა ასკეტი მამებისა და სხვათა ქმნილებებმა, ბიზანტიელი ქრისტიანის ცნობიერებაში პირველქრისტიანული ლიტერატურისადმი ინტერესები მთლიანად გადაფარა. მტვრის სქელი ფენით დაიფარა მოციქულთა შემდგომი დროის ისეთი უბრწყინვალესი ძეგლები, როგორებიც არის "დიდაქე", "მწყემსი", "დიდასკალია", ეგვიპტური კანონები, II საუკუნის აპოლოგია და სხვა. იმისათვის, რომ მთელი ეს მასალები შესწავლილი ყოფილიყო სინაის, ათონისა და სხვა თაროებზე მოთმინებით ელოდნენ თავის მოსაგრე ფილოთეოს ვრიენს, კონსტანტინ ტიშანდორფს, პაულ ლაგარდს, ეგნატე ეფრემ რახმანს, ხაულერს და სხვებს.
2. უნდა ითქვას, რომ ღვთისმეტყველური აზრები მნიშვნელოვან წილად ლეთარგიული ძილის მდგომარეობაში იყო. ბიზანტიური აზრი, მისი ტრადიციულობისა და ეკლესიურობის შესაბამისად, წმინდა მამების ურყევი ერთგულებით საზრდოობდა. ისინი წმინდა მამების რწმენის წესებს ყოველთვის იცავდნენ, უნდა ითქვას, რომ ბიზანტიის ძალა და დამსახურებაც სწორედ ამაშია. მართლმადიდებლობის ერთგულებას ჩამოშორება, მამების ღალატი, საშინელ ცოდვად აღიქმებოდა. მაგრამ, იმის გამო, რომ სწორედ ეს მთლიანად და გასაგებად გამოუხატავი მართლმადიდებელ მამათა კანონების ერთგულება ერთ "ღვთისმეტყველურ კრებულად" არასოდეს ჩამოყალიბებულა და კონკრეტული "consensus ðàtrum"ის" სახე არასოდეს მიუღია, ის თავად ხდებოდა ღვთისმეტყველური აზრის უძრაობისა და ჩამორჩენილობის მიზეზი. ღვთისმეტყველება უეჭველად წმინდა გადმოცემას უნდა ეყრდნობოდეს, მაგრამ ღვთისმეტყველს თავისი გარკვეული აზრი ყოველთვის უნდა გააჩნდეს. ასეთი საკუთარი აზრის არსებობის აკრძალვა მისთვის პრობლემებს უნდა იწვევდეს, პრობლემურ მდგომარეობას გამოსავლის ძიება უნდა მოსდევდეს, ახალი კითხვები უნდა ჩნდებოდეს, ერთი სიტყვით, არ შეიძლება უბრალოდ, უსაგნოდ და უნიადაგოდ ღვთისმეტყველებდე. საუკუნეების მანძილზე, განვითარების პროცესში, თავად პატრისტიკაც პიროვნებისგან აზროვნებას მოითხოვდა. კაპადოკიელებს უფრო მაღალი საფიქრალი აწუხებდათ, ვიდრე წმინდა ათანასეს; ქრისტოლოგიური დავების ეპოქამ თამასა უფრო მაღლა ასწია, ვიდრე წინამორბედმა კაპადოკიელებმა, ეს იყო ახალი პრობლემები და მათზე ახლებურად იყო საჭირო პასუხის გაცემა; ლეონტი ბიზანტიელმა და მაქსიმე აღმსარებელმა მეტი შემართება გამოიჩინეს და გადაწყვიტეს უფრო შორს წასულიყვნენ, მათ სურდათ უფრო მეტი ამოეთქვათ, ვიდრე ეს ეთესელმა და ქალკედონელმა მამებმა გააკეთეს. მაგრამ, არც თავისი გაბედული აზრებით და არც ღვთისმეტყველებით, არც ერთი მათგანი წმინდა მამათა მიერ დაწყებული საქმის მოღალატე არ გამხდარა, ეს საქმე მათ თვითონ გააგრძელეს. ასეთია ეკლესიური ცხოვრების ორგანულად განვითარებადი აზრისა და კულტურის ბუნება. წმინდა მამებს არ ჰქონდათ გაბედულად მოქმედებისა და აზროვნების შიში, თუმცა მათთვის შემეცნების ერთადერთ და უპირველეს წყაროს დამოუკიდებლად აზროვნება არასდროს წარმოადგენდა. ამავე დროს, სრულიად არასწორი იქნებოდა გვეფიქრა, რომ კირილე ალექსანდრიელმა ან მაქსიმე აღმსარებელმა ყველა წინამორბედი წმინდა მამა, რომელსაც უფლება ჰქონდა ეღვთისმეტყველა, გაითავისეს, ხოლო საკუთარ პიროვნებებს მათ მიერ დაწყებული საღვთისმეტყველო აზრის განვითარების გაგრძელების პროცესში მონაწილეობის მიღება აუკრძალეს, ანუ საღვთისმეტყველო საკითხების განვითარებასთან დაკავშირებით, თავისთვის გარკვეული "ტაბუ" დააწესეს. IV-VIII საუკუნეებში წმინდა მამების შემართება თავისი დროისათვის გაცილებით უფრო მეტი გაბედულებით გამოირჩეოდა, მაშინ ეს "ტაბუ" არ არსებობდა და როდესაც რწმენის კანონის ერთგულებაზე იყო საუბარი, კაპადოკიელი მამები ან ქალკედონის თანადროულები, არ ფიქრობდნენ, რომ ამ ერთგულების გამო საკუთარ შემართებაზე უარი უნდა ეთქვათ, ან საღვთისმეტყველო აზრის განვითარების პროცესი უნდა შეეჩერებინათ. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ბიზანტიურ საზოგადოებაში ცოცხალი აზრის ამგვარი დამუხრუჭება მაინც დაიწყო. "მიიჩნეოდა, - წერს პროფ. ლებედევი, - რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ გაუგებრობასთან ბრძოლისათვის რაც არ უნდა გახდეს საჭირო, მამათა ქმნილებებში ყველაფერზე პასუხია გაცემული".

შემდეგ: საღვთისმეტყველო ტრადიცია (გაგრძელება)