არცთუ ისე დიდი დრო გავიდა, რაც მამა ბასილი გოგილაშვილი დედა ეკლესიას, მის საყვარელ ოჯახს, მრევლს, სრულიად საქართველოს გამოაკლდა და მარადიულ სასუფეველში ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი. 27 მარტს, მამა ბასილს მღვდლად კურთხევის რვა წელი შეუსრულდებოდა. მართლაც, რომ მწყემსი კეთილი იყო მამა ბასილი. კეთილშობილი დედის მიერ აღზრდილი შვილი, სხვისი ჭირი თავისად რომ ჰქონდა გათავისებული და სხვისი სიხარული თავისად გაზიარებული. როცა მამა ბასილის დედას, ქალბატონ მარინეს ვთხოვე მამაოზე საუბარი, უარი ვერ მითხრა. თავს ძალა დაატანა და მკითხველს დედის განცდა გადმოგვცა.
-თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტერში მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) მღვდლად დაასხა ხელი დედოფლისწყაროს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის დიაკვანს ბასილ გოგილაშვილს. მღვდელი ბასილი საინგილოში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. ("საპატრიარქოს უწყებანი" N13.15-21 აპრილი.2010წ). ....და კვლავ გაგრძელდა ჩემი შვილის, გიორგი გოგილაშვილის, წოდებული მამა ბასილად, თავგანწირული, შემართებული, დაუღალავი და შრომატევადი ცხოვრების ეკლიანი სიყვარულის გზა. მთაწმინდაზე, მამა დავითის ეკლესიაში მისვლა, ჩემი ძმის უმძიმესმა ტრაგედიამ განაპირობა. მამა თომას უფლისმიერმა სიყვარულმა და თანადგომამ გამოგვაცოცხლა. საპატრიარქოში, მამა ბიძინა გუნიასთან გიორგიმ კარგად შეისწავლა ქრისტიანული ცხოვრების ადათ-წესები, რელიგიური ლიტერატურა და მედავითნეობა. ექვსი წლის განმავლობაში მიიქცია მოძღვართა ყურადღება და თურმე 22 წლის ასაკში მისი კურთხევის საკითხიც დამდგარა,რასაც მე ვერ დავეთანხმე, მისი ასაკის გამო.
2000 წელს, მამა თომას გარდაცვალებამ კვლავ დეპრესიაში ჩაგვაგდო მე და ჩემი შვილები.. მადლობა უფალს! კვლავ გამოჩნდა მადლმოსილი მოძღვარი, მამა ბასილი, დღეს უკვე არქიმანდრიტი იოანე (კიკვაძე), რომელიც გაეცნო რა ჩვენი ოჯახის მძიმე ტრაგედიას, ჩემი შვილი საკუთარი შვილივით გულში ჩაიხუტა.
ჩემთვის, დღეს ძალიან ძნელია ვისაუბრო გიორგის შესახებ,როცა იგი უკვე აღარ არის ჩვენთან. ყოველ წუთსა და ყოველ წამს მე მასთან ვარ და მისი სიცოცხლის პირველსა და უკანასკნელ ნაბიჯებს დოკუმენტური ფილმის კადრებივით ვუცქერ, ვესაუბრები, ვეფერები, მასთან ერთად ვმოგზაურობ საქართველოს თითქმის ყველა ტაძარსა თუ მონასტერში და მგონია, რომ ბოლომდე დაიხარჯა....დასვენებისთვის მხოლოდ 4 საათი ჰქონდა დღე-ღამეში გათვალისწინებული,რაზედაც მისი დღიურები და ჩანაწრები მეტყველებენ.შევთხოვ უფალს, მომცეს ძალა შევძლო მისი ხანმოკლე,40 წლიანი ცხოვრება წიგნად ვაქციო.

"ისევ თქვნთან ვარ,მე არ მომკვდარვარ,
ცაში ავფრინდი, ფერი ვიცვალე...
ვინც დამინახა, მადლობა ყველას!
ისე, უბრალოდ, გარგავიცვალე''.
უფლის მოლაშქრე მამა ბასილი
პოეტი, მწერალი ირაკლი ვაშაყმაძე:
-მთაწმინდაზე, მამა დავითის ეკლესიაში დავაჟკაცდა... 1994 წელს, საღვთისმსახურო სამოსი გიორგი გოგილაშვილს მამა თომა ჯაჯანიძემ ჩააცვა...მერე....მამა იოანე კიკვაძის ფრთებქვეშ იქცა ,,კაი ყმად'', ,,სავსე კაცად''. ღვთის ნებით, უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა- კურთხევით, გიორგი, მამა ბასილი გახდა. მისი სახით ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ჭეშმარიტი მოძღვარი, სულიერი მოძღვარი შეიძინა... დავით აღმაშენებლის ჟამს იგი უებრო, უპირველესი მოლაშქრე იქნებოდა... მამა იოანეს ლოცვა-კურთხევით, ჰერეთშიც მოღვაწეობდა,იქ აღავლენდა ლოცვას. იქ აღვივებდა ქრისტიანულ მადლს სარწმუნოების იქაური მრევლის თანადგომით. ერთხელ, საღამოსპირზე მესტუმრა,[მისი ოჯახი]ჩემს მეზობლად ცხოვრობდა. რიდით შემომკადრა: -ბატონო ირაკლი, ერთი ჰერეთელი გოგონაა, აქაა ჩამოსული, ლექსებს წერს, თუ არ შეწუხდები,მინდა გაგაცნო, გაესაუბროო''. ეს გოგონა უმშვნიერესი უსათნოესი ნანა ყიყიშვილი აღმოჩნდა. ნანა დაქმარშვილდა. დღეს მისი ოჯახი უსაყვარლესი მეგობარია ჩემი.
სტკიოდა ჰერეთი...
სტკიოდა საქართველო....
გულთან მიჰქონდა მოყვასის შეჭირვება, ტკივილი.
ხშირად მომინახულებდა მეუღლესთან ერთად, მომართმევდა ,,პურს ჩვენი არსობისას''. მამა იოანესთან კელიაში ვსაუბრობთ, ,,დედ-მამის ორმოცზე ვემუსაიფები მოძღვარს...გიორგის უხმო.... -გიორგი, ხვალ დილით ირაკლისთან მიხვალ, მანქანაში ერთი ტომარა ნაკურთხი ფქვილი რომ გვაქვს,ის ჩადე და....სოფელში ჩაიყვანე....გავოცდი...გავოგნდი....ვიუარე.... მამა იოანმ მოკლედ მოჭრა: -ჩემო ირაკლი, ასეა საჭიროო.... დილაადრიანად გავუყევით იმერეთისკენ გზას..... გამომიტყდა....ძალიან ყვარებია პოეზია: რუსთაველი, ვაჟა, გალაკტიონი, შექსპირის სონეტები....მე-15 სონეტი ზეპირად წართქვა: ,,როდესაც ვფიქრობ რა მოკლეა წუთების ხიდი,- ერთმანეთისგან რომ ჰყოფს ჭკნობის და ზრდის ბანაკებს;
რომ ეს ქვეყანა გამოფენა ყოფილა დიდი, სადაც სურათებს ვარსკვლავების ძალა განაგებს; გავიდა ხანი....როცა მესტუმრებოდა მამა ბასილი საჭირბოროტო თემებზე ხომ ვსაუბრობდით და ვმასლაათობდით... ლიტერატურის შედევრებსაც არ ტოვებდა მისი ,,მღვიძარე გონება '' უყურადღებოდ.... სრულიად ახალგაზრდა, ორმოცი წლისა მიეახლა მამულისათვის თავდადებულ მამულიშვილთა ზეციურ საცხოვრისს. მჯერა დიდმოწამე წინაპრების, ქუჯის, გორგასლის, აღმაშენებლის მოლაშქრეთა შორის, იქ ზეციურ საქართველოში, ჩვენი უსაყვარლესი მოძღვარი მამა ბასილიცაა.
უფალმა ორთავ სოფელში გაცოცხლოს მამაო ბასილ!