
მომხიბლავი ირმა მხატვრების, მოქანდაკეების მუზა გახლდათ. დიდმა მხატვარმა ნათელა იანქოშვილმა მისი უკვდავი ფერწერული პორტრეტი მაშინ შექმნა... მერე იყო ქორწილი, ბედი თბილისის კოლორიტს, ინჟინერ-მშენებელ - ელგუჯა ჩიქოვანს დაუკავშირა. მრავალი შრომის ავტორმა და ქართული სეისმომედეგი მშენებლობის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა ელგუჯა ჩიქოვანმა საქართველოში პირველმა ჩაატარა და დანერგა მაღლივი შენობების კონსტრუქციული გაანგარიშება გამომთვლელი მანქანების მეშვეობით. იცნობდნენ, როგორც საკავშირო მასშტაბით აღიარებულ ინჟინერს.


ორმოც წელზე მეტი ჩვენს საყვარელ ჟურნალში იღვაწა ჩვენმა ირმამ, მისი კალამი ვის, რა სპეციალობის ადამიანებს არ შეხებია, უამრავი გაჭირვებულის, უსასოს და უსახლკაროს გვერდით მდგარა, დაუპურებია, მისი სახლის კარიც გაუღია, დაზარალებულის უბედურებით შეძრულს ძილიც ბევრჯერ გაკრთომია...
შენს სახელს დავიწყება არ უწერია, დატოვე სამაგალითო შვილები - ეკა და კოტე ჩიქოვანები, მშობლების მსგავსი - ალალი, უღალატო, განათლებული, სპეტაკი სულის ადამიანები; მეგობრები, თანამშრომლები, დედმამიშვილები, ავტორებისა და კორესპონდენტების ფართო წრე. გეფერებით, გიხსენებთ, ღმერთმა ნათელში დაგიმკვიდროს მარადიული სამყოფელი, სულიერი სიმშვიდე მოგმადლოს. ლოცვამ და ჩვენმა ანთებულმა სანთელმა გაგინათოს ცათა სასუფეველი. გვჯერა, შენი ნათელი სული ჩვენთან არის, მუდამ ილოცებს მისი დაუშრეტელი შრომით ნალოლიავებ ოჯახზე, შვილებზე, მეგობრებზე... არასოდეს დაგივიწყებთ, მალე ეს მწუხარე ორმოცი დღეც გაივლის ჩვენო უსაყვარლესო ირმა. თუმცა, ერთს გეტყვით - დაუჯერებელია შენი წარსულში აღქმა.
ჟურნალ "საქართველოს ქალის" თანამშრომლები