განვაგრძობთ საუბარს ქარელის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოძღვართან, მამა ილია ჩიკვაიძესთან.
- მამა ილია, ჩვენ ვსაუბრობდით იმის შესახებ, ვართ თუ არა ღვთის მორჩილი, მორწმუნე ერი, რამდენად ვიცავთ ეკლესიურ ტრადიციებს, პატრიარქ ილია მეორის 23-მუხლიან მიცვალებულთა განჩინებას?
- ჩვენ ათეიზმის მძიმე წლები გამოვიარეთ. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე რომ არა, შედეგი ბევრად მძიმე იქნებოდა. მან, 35 წელზე მეტია, მოსეს მსგავსად თავისი მხრებით ატარა ქართველი ერი, რომ გამოვეყვანეთ სულიერი უდაბნოდან. მისი სიბრძნე და გამოცდილება რომ არა, ვერაფრით დავაღწევდით თავს ცრუმორწმუნეობას. მახსოვს 2005 წელს უწმინდესის ქადაგება, იგი მრევლს მიმართავდა, - გთხოვთ დადგათ თქვენი გარდაცვლილი ოჯახის წევრის სურათი საპატიო ადგილას, მიხვიდეთ ამ სურათთან და კურთხევა გამოითხოვოთ, შემდეგ კი ემთხვიოთ, რომ მთელი დღე დალოცვილი იყოთ მისგან. კარგი იქნება, მიიტანოთ სურათთან ხილი, ტკბილეული და მერე დაურიგოთ გაჭირვებულებს. მერწმუნეთ, ეს გარდაცვლილს აუცილებლად მიუვაო. მავანი იტყვის, ასეთი რამ სხვაგან არსად ამომიკითხავსო და შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ მე მათ ვეტყოდი: უწმინდესმა, პირადი დაკვირვებითა და გამოცდილებით, ბევრი რამ იცის ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით, ჩვენგან განსხვავებით, მან იცის, რა რჩევა მისცეს ჭირისუფალს, რადგან მას სასუფევლის ლოცვითი გამოცდილება და სულიერი ხედვა გააჩნია. იგი წმინდა, დიდი ადამიანია და თუ მის რჩევა-დარიგებებს არ შევისმენთ, ამით ისევ ჩვენ დავზარალდებით.
მოდიან ჩემთან ეკლესიურ მადლს ნაზიარები, მორწმუნე ადამიანები, აღსარების საიდუმლოს მანდობენ, ქრისტეს წმინდა ნაწილებს იღებენ და იმავდროულად, თუკი ვინმემ რომელიმე მიცვალებულის სახელის ხსენებისას დააცემინა, იმწუთას სამჯერ დაარტყამენ მხარზე ხელს ან სამჯერ უჩქმეტენ და ეტყვიან: "მის მოსვლამდე არაფერი გეტკინოსო". ბავშვობიდან მახსოვს, ეს ძალზე გავრცელებული ჩვეულება იყო მთელ საქართველოში. მე ის მაკვირვებს, მორწმუნე, აღმსარებელი და მაზიარებელი მრევლი, დღემდე რომ ვერ გამოდის ამგვარი წარმართული ცრურწმენებიდან. ალბათ, მორწმუნე ადამიანისთვის მოულოდნელი არ უნდა იყოს, რომ ადრე თუ გვიან, ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს, მოხდება მიცვალებულთა საყოველთაო აღდგომა განკითხვის წინ და განსვენებულთა ცხედრები ისეთივე ხორცშესხმულნი აღდგებიან თავიანთი საფლავებიდან, როგორც ღრმა ძილიდან გამოღვიძებულნი. ამ დროს კი ჩვენ ადამიანებს ვეუბნებით რომელიმე გარდაცვლილზე, მის მოსვლამდე არაფერი გეტკინოსო, გამოდის, რომ მას პირდაპირ ჯოჯოხეთში ვაგზავნით. თუ კარგად დავაკვირდებით და ჩავწვდებით ამ სიტყვების მნიშვნელობას, მასში წყევლაა ჩადებული ეშმაკისგან. მაგიური, ჯადოსნური წყევლა, რადგან ეს იმას ნიშნავს, განკითხვის დღეს გეტკინოს, როცა მიცვალებულები აღდგებიანო და ნებსით თუ უნებლიედ, პირდაპირ ჯოჯოხეთში ვისტუმრებთ მის სულს, რაც შეუთავსებელია სამოციქულო სწავლებასთან. არ მეგულება ადამიანი, ასეთი რამ თავს არ გადახდენოდეს, ამიტომ ჩემი რჩევაა, ყველამ მოინანიოს ეს ცოდვა მოძღვართან აღსარებისას. ვინმეს ეს შეიძლება უმნიშვნელოდ მიაჩნდეს, თუმც, ასეც რომ იყოს, ტომარა რომ პატარ-პატარა კენჭებით გავავსოთ, რამდენიმე ხნის შემდეგ მისი ტარებაც გაგვიჭირდება, მით უმეტეს, რა მძიმე წონა დაედება ყოველ მათგანს მაშინ, როცა ცოდვა-მადლის აწონვა მოხდება ჩვენი სამარადჟამო ადგილის საბოლოო განაჩენის გამოტანამდე.
- მამა ილია, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, ოთახში ბევრს ეშინია მარტო დარჩენა, ყოველ ბნელ კუთხეში მათ რაღაც ელანდებათ, განსაკუთრებით კი იმ ოთახში გასვლა, სადაც მიცვალებული ესვენა. საიდან მომდინარეობს ეს და რა არის ამის მიზეზი?
- ყოველი შიში უმეტესად საღი აზრის უუნარობისაგან მომდინარეობს, რომელიც ადამიანის ნაკლები რწმენისა და მისი წარმოსახვის ნაყოფია. ღვთისმოშიში ადამიანი დაცულია ყოველგვარი შიშისაგან. ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა, რომელიც გვათავისუფლებს ყველა შიშისაგან. იტყვიან, ორმოცამდე არ შეიძლება გარდაცვლილი ადამიანის ოთახში ღამის გათევაო. ესეც ცრურწმენაა. მაშინ რა ქნას იმ ოჯახმა, რომელსაც ერთი ოთახის მეტი არც აქვს და ხელმოკლედ ცხოვრობს? ღვთისთვის ამგვარი პირობითობები არ არსებობს. ზოგიერთი "მორწმუნე" ორმოცამდე ვერ შესულა გარდაცვლილის ოთახში, რადგან ჰგონია, რომ მისი სული იქ იმყოფება. ჯერ ერთი, ასეც რომ იყოს, რა არის აქ შესაშინებელი, შენი ოჯახის წევრის სული შენთვის ისედაც ნაცნობი და ახლობელი უნდა იყოს, მაგრამ ასეთი რამ მართლაც შეუძლებელია, ადამიანი რომ გარდაიცვლება, 3 დღის შემდეგ, ღვთის ანგელოზი მეგზურობს და ამგზავრებს მას მისთვის უცნობ სამყაროში. გარდაცვალების შემდეგ გარდაცვლილის სული მფარველ ანგელოზს უკავია, ის წინამძღვრობს მას და თან უფალს შესთხოვს, შეეწიოს საზვერეების გავლაში. იტყვიან იმასაც, ახალგარდაცვლილის საფლავზე გასვლა მხოლოდ მე-3, მე-6 და მე-9 დღეს შეიძლება და ამის შემდეგ მხოლოდ შაბათობით - ორმოცამდეო, ესეც ცრურწმენაა, თუ ჭირისუფალს გული სთხოვს, შეუძლია ყოველდღე გავიდეს სასაფლაოზე, მაგრამ თუ დიდ მწუხარებაში ჩავარდება, უმჯობესია არ გავიდეს. ორმოცამდე, სანამ მიცვალებულს ღმერთი ადგილს დაუმკვიდრებდეს, ჭირისუფალმა რაც შეიძლება მეტი უნდა ილოცოს მასზე, გადაახდევინოს მღვდელს შეკვეთილი წირვა, პანაშვიდი, შაბათობით და ეკლესიურად დადგენილ დროს გააკეთოს საკურთხი, გასცეს მოწყალება გარდაცვლილის სახელზე, გაჭირვებულებს დაურიგოს მისი ნივთები და ტანსაცმელი 40-მდე, და არა 40 დღის შემდეგ, როგორც ეს ხალხშია არასწორად გავრცელებული. უყვართ ხოლმე მდიდრული აღაპების (ქელეხის) გადახდა, რომლებზეც შეძლებულ, გავლენიან ხალხს დაპატიჟებენ, როგორც წესი, მათხოვრები, შეიძლება არც კი შეუშვან. არადა, სწორედ მათხოვრები სხედან სასუფევლის კართან. დედა რომ გარდამეცვალა, ერთი დიდი სუფრა მათხოვრებისთვის მქონდა გაწყობილი, ისხდნენ საწყლები გახარებულები იმით, რომ თავს გრძნობდნენ საზოგადოების წევრად, ამაზე დიდი მადლი რა უნდა გაუკეთო ამ დღეს შენს მიცვალებულს, რომ მშიერ-მწყურვალს დააპურებ და ადამიანად აგრძნობინებ თავს. ჩვენ ჭირის სუფრა არ უნდა ავურიოთ ლხინის სუფრაში. კარგი იქნება, თუ მორჩენილი საჭმელ-სასმელი ღატაკებს დაურიგდება, ეს დაეხმარება გარდაცვლილის სულს საზვერეების წინააღმდეგობათა დაძლევაში. როგორც საბაჟოზე პასპორტი უნდა გქონდეს, რომ გაგატარონ, გარდაცვლილისათვის ასეთ საბუთად გამოდგება მის ხელში გაცემული მოწყალება, ლოცვა, პანაშვიდი. უწმინდესის განჩინებას თუ დავიცავთ, იქ ყველაფერი წერია, როგორც უნდა მოიქცეს ჭირისუფალი ორმოცამდე და წლისთავამდე, მაგრამ სამწუხაროა, რომ ჩვენი ხალხი წარმართულ ტრადიციებს მეტ ყურადღებას აქცევს, ვიდრე პატრიარქის განჩინებას.

რა დღეებში უნდა დაიკრძალოს მიცვალებული და რამდენად სწორია, როდესაც პანაშვიდებზე და დასაფლავების დღეს სარკეზე ზეწარია ჩამოფარებული? ამ და სხვა საკითხზე ჩვენ ახლო მომავალში ვისაუბრებთ.