გვიახლოვდება შობის მარხვა
გვიახლოვდება შობის მარხვა
ეს არის კიდევ ერთი შანსი, მოწოდება თუ ძახილი მათთვის, რომლებსაც ჯერ არ დაუწყიათ ეკლესიური ცხოვრება
მოგვიახლოვდა 2005 წლის ბოლო დიდი მარხვა. ეს არის კიდევ ერთი შანსი, მოწოდება თუ ძახილი მათთვის, რომლებსაც ჯერ არ დაუწყიათ ეკლესიური ცხოვრება, რომ ეს წელიც არ დაკარგონ და არ გაატარონ ჭეშმარიტების გარეშე. ხოლო ეკლესიურად მცხოვრებთათვის მარხვა არის შესაძლებლობა რწმენაში განმტკიცებისა და ახალ სულიერ სიმაღლეზე ასვლისა; შესაბამისად, მარხვა არის დიდი სიხარული მორწმუნისა, რადგან ამ დროს რწმენაში გაცხოველებული და ანთებული ადამიანი მზადაა სარწმუნოებრივი გმირობისთვის: ღვთის რწმენა და სიყვარული მაშინ ხდება რეალური და ცხოველი, როდესაც მათ საქმით გამოვავლენთ. როგორც წმინდა მოციქული იაკობი ამბობს - რწმენა საქმის გარეშე მკვდარია. ერთ-ერთი ამგვარი საქმეთაგანია უფლის ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულის პასუხად ამქვეყნიურ სიამეთა მცირე ხნით მოკლება. სწორედ ამას ეწოდება მარხვა. ზოგიერთი სახის საჭმლისგან თავის შეკავება ძალიან ადვილია, თუმცა ზოგიერთისთვის ეს გადაულახავი დაბრკოლებაა. გაცილებით ძნელია ვნებებსა თუ მავნე მიდრეკილებებზე უარის თქმა. და თუ ვერ შევძელით ზოგიერთი კერძისგან თავის შეკავება, ვერც ვნებებზე ავმაღლდებით. ამ აზრით, გონიერი ადამიანი გამუდმებით უნდა მარხულობდეს. წმინდა მამები ამგვარად ცხოვრობდნენ, მაგრამ საზოგადოდ ადამიანს, თავისი დაცემული, უძლური ბუნების გამო, გამუდმებით თავშეკავება არ ძალუძს. ამიტომაც ეკლესიამ დაადგინა დრო და ფორმა მარხვისა, რომლის დაცვაც - თავდაპირველად თუნდაც საკუთარ თავზე ძალდატანებით, იძულებით ანდა მექანიკურად - საწინდარია იმისა, რომ ოდესმე ჭემარიტ მარხვასა და თავშეკავებით ცხოვრებას შევძლებთ. როგორც აღვნიშნეთ, შობის მარხვა უკანასკნელი მრავალდღიანი მარხვაა. იგი იწყება 15(ახალი სტილით - 28) ნოემბერს და 25 დეკემბრამდე (7 იანვრამდე) გრძელდება. საეკლესიო ტრადიცია ამ მარხვას ფილიპე მოციქულის სხენების დღესაც უკავშირებს (14(27) ნოემბერი).

ეკლესიის ისტორიას შობის მარხვის შესახებ ცნობები IV საუკუნიდან მოეპოვება, ამის თაობაზე XIV საუკუნემდე, უფრო ზუსტად, სვიმონ თესალონიკელამდე, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ცნობას ვხვდებით. ფრიად საინტერესოდ და დაწვრილებით მოგვითხრობენ შობის მარხვაზე XII ს-ში კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბალსამონი და ერთ-ერთი იმდროინდელი საეკლესიო კრების ჩანაწერები, XI საუკუნეში - ანასტასი სინელი და ისააკ კათოლიკოსი. ანგარიშგასაწევი ცნობებია დაცული X საუკუნის საეკლესიო კრების ოქმებში, რომელიც იმპერატორ კონსტანტინესა და რომანოზ უფროსად წოდებულის დროს იქნა მოწვეული, ასევე ნიკიფორე პატრიარქის კანონებში (IXს.), საბა განწმენდილისა (Vს.) და ლეონ რომის პაპის (Vს.) ნაწერებში, 570 წლის ტურის II კრების ოქმებში, ნეტარ ავგუსტინესთან.

ყველა ეს ცნობა გვაუწყებს, რომ შობის მარხვა, ისევე, როგორც სხვები, უძველესი დროიდან მომდინარეობს (ჯერ კიდევ IV საუკუნის მოღვაწე ფილასტრი წერს, რომ მაცხოვრის შობის წინ აუცილებლად უნდა ვიმარხულოთ) და გვიჩვენებს, რაოდენ ღრმა ფესვები აქვს მარხვის საეკლესიო ტრადიციას.

ეკლესიის ისტორიის მკვლევარები შენიშნავენ, რომ შობის მარხვის ხანგრძლივობა თავდაპირველად მკაცრად განსაზღვრული არ ყოფილა. მაგალითად, ტურის II საეკლესიო კრების კანონი გვაუწყებს, რომ ბერებმა "დეკემბრიდან ქრისტეშობამდე უნდა იმარხულონ"; მატისონის 582 წლის კრების მიხედვით, ეს მარხვა იწყებოდა წმინდა მარტინის ხსენების დღეს (ახ.სტ. 25 ნოემბერს) და გრძელდებოდა ქრისტეშობამდე. აქვე მითითებულია, რომ სამარხვო დღეები ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი იყო. გალიის ერთ-ერთი ჩანაწერის თანახმად, ქრისტეშობამდე მორწმუნენი ერთი კვირა მარხულობდნენ, ამასვე მოწმობს ანასტასი სინელიც: "ზოგიერთგან, აღმოსავლეთში, ამ მარხვის ხანგრძლივობა შემცირებული იყო, ზოგჯერ - ორ კვირამდე ან თორმეტ დღემდე". თვით ანასტასის ამ მარხვის კანონიერ დასაწყისად ფილიპე მოციქულის ხსენების დღე მიაჩნია.

პატრიარქ ბალსამონისა და მის თანამედროვეთა განმარტებით, "ის, ვინც არ მარხულობს შვიდ დღეს მაინც, საერონი თუ სასულიერო პირნი, მართალთაგან უნდა განეყენნენ, ხოლო ბერებმა, რომელთაც კანონი ავალდებულებს, უნდა იმარხულონ 27 ნოემბრიდან (ახ.სტ.) და შეასრულონ ტიპიკონის მოთხოვნა".

პატრიარქ ლუკას მოსაყდრეობის პერიოდში, იმპერატორ მანუელის დროს, 1166 წელს მოწვეულ კრებაზე დადგინდა, რომ შობის მარხვა 40 დღე უნდა გრძელდებოდეს.

შობის მარხვა, დიდმარხვასთან შედარებით, მსუბუქია. მას ვიცავთ ისე, როგორც მოციქულთა მარხვას. ამ მარხვათა დროს, როგორც წესი, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, თვით ბერ-მონაზვნებისთვისაც კი დაშვებული იყო თევზის, ზეთისა და ღვინის ზომიერად მიღება (ეს შეღავათი ზოგიერთმა თავის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, არასწორად და არაჯანსაღად გაიგო. პარადოქსია, მაგრამ ზოგიერთი "მორწმუნე" იქამდეც კი მიდის, რომ მოძღვრისგან საზღვარდადებულ სამჯერ დალევის კურთხევას თავისი პოზიციიდან "მართლად" ეგებება: სამჯერ სვამს არა ჭიქას, არამედ, ხანდახან, ლიტრიან სასმისსაც კი. რაც მთავარია, კურთხევა "არ ირღვევა", ის ხომ მხოლოდ სამჯერ სვამს!). საზოგადოდ კი უნდა აღვნიშნოთ, რომ მარხვის სიმკაცრე და სიმსუბუქე ყოველთვის დამოკიდებული იყო (და ასევეა დღესაც) მწყემსმთავრის ლოცვა-კურთხევაზე.

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1