-არსებობს თუ არა განსხვავება ქალაქში მცხოვრები ბერისა და უდაბნოში მცხოვრები ბერის სულიერ ცხოვრებათა შორის?
-განსხვავება არსებობს, თუმცა გეტყვით, რომ არ უნდა არსებობდეს. სამონასტრო ცხოვრების სტრუქტურული წყობა ბევრგან მართლაც შესაფერისია ბერობისთვის. მაგრამ ეს სტრუქტურები ადამიანების მიერ იქმნება, მონასტრის სულიერი აგებულება კი სულიწმინდის მიერ ყალიბდება. ამიტომ შესაძლოა სამონასტრო სტრუქტურა გქონდეთ, მაგრამ სამონასტრო ცხოვრება სინამდვილეში არ გაგაჩნდეთ, რადგან სამონასტრო ცხოვრება თავისი არსით სტრუქტურა არ არის. იგი შინაგანად იმართება სულიწმიდის მიერ და არ საჭიროებს არანაირ რეფორმებს, - მასში უბრალოდ უნდა იცხოვრო და იღვაწო!

მაშ, რა არის მონასტრული ცხოვრების არსი? უპირველეს ყოვლისა, - ღმერთთან ერთობაში ცხოვრება, სურვილი, რომ ეძიო უფალი სხვებთან ერთად! თუ ეს ერთობა არსებობს, მაშინ ცოცხალია მონასტერიც; ხოლო თუ ეს არ არის, - მაშინ არც სამონასტრო ცხოვრება არსებობს.