- ნებისმიერი ქრისტიანის, სასულიერო პირის თუ ერისკაცის ცხოვრება ღვთის ნებით უნდა მიმდინარეობდეს. ადამიანისთვის უფლის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. როგორც თევზი ვერ ცოცხლობს უწყლოდ, ასევე ვერ იქნება კაცი უფლის გარეშე. როცა ადამიანს ეკლესიასთან მუდმივი ურთიერთობა ექნება, მისი აზროვნებაც ღვთის ნებაზე იქნება აგებული და ღვთით გადაწყვეტს ყოველივეს.
თუკი გვსურს ღვთის ნება გამომჟღავნდეს, სასურველია, ხშირად ვიკითხოთ სახარება. ადამიანის ცხოვრების წესია სახარება, რამეთუ მასში უფალი ხშირად მოგვიწოდებს, იყავით ბრძენნი, ვითარცა გველნი და იყავით უმანკონი, ვითარცა მტრედნიო, ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხოთო, ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითაო. სახარებაში უფალი ძალიან ბევრ რამეს გვასწავლის. ყოველდღიურად უნდა კითხულობდეს ადამიანი სახარებას და ცხოვრებაში ახორციელებდეს უფლის სწავლებას. ბასილი დიდი ამბობს: თუ გსურს ბოროტმა არ დაგცეს, მოძღვრის მიმართ გულწრფელი და მიმნდობი უნდა იყოო. ეს ერთ-ერთი ამოსავალი წერტილია სწორი, ქრისტიანული ცხოვრებისა და ბოროტისაგან თავის არიდებისთვის. ხშირად ჰგონიათ, ეკლესიურად ცხოვრობენ ან რაღაცისთვის ცხოვრობენ, სინამდვილეში კი მხოლოდ საკუთარ თავში არიან ჩაკეტილნი და საკუთარი წარმოდგენებით კმაყოფილდებიან. ხშირად ხიბლის გამო ზოგს ჰგონია, თუკი დიდხანს დადის ეკლესიაში, სხვების სწავლების უფლება აქვს. ხიბლი არის, როცა უსიყვარულოდ აკეთებ საქმეს. ამ დროს გგონია, რომ ამით ღვთისმსახურებას აღასრულებ. როგორ შეიძლება გაიგოთ, ამპარტავნებაში თუ ხართ? წმინდა მამები ამბობენ, თუ გწყინს საყვედური, შენიშვნა, ეს ამპარტავნების გამოხატულებააო.
ადამიანი ყველანაირად უნდა ცდილობდეს, სულიერად არ დაიჩაგროს და მუდამ ძლიერად იდგეს. ნებისმიერს შეიძლება უფალმა თავისი ნება განუცხადოს, მაგრამ მოძღვართან ამის გადამოწმება აუცილებელია. ამისთვის უნდა გყავდეს მოძღვარი. თუ მინდობილი ვიქნებით ღმერთსა და მოძღვარზე, მერწმუნეთ, რომ ღვთის ნებას მივიღებთ და არა იმას, რაც ჩვენ გვსურს. ღვთის ნების გაცხადებისთვის კარგი იქნება, თუ აღსარებით ჩვენს სინდისს განვიწმენდთ და სინდისის ხმას მივაქცევთ ყურადღებას. შინაგანად ადამიანს რამდენიმე ხმა აქვს - ღვთის, ადამიანის და ბოროტის. კარგი იქნება, თუ სინდისის ხმას გამოვარჩევთ და საკუთარ თავს ვკითხავთ სწორ არჩევანს. სინდისის ხმა არასოდეს გიღალატებთ, თუმცა, ისიც სიფრთხილით უნდა გამოვარკვიოთ. საკუთარი სინდისი და სახარება უნდა გავაიგივოთ თუ ემთხვევა ერთმანეთს, მაშინ ეს სინდისის გამოძახილია.
ხშირად ბოროტი მრავალ კეთილ აზრს მოგვგვრის. მერე ისეთს გაგიკეთებს, რომ ყველაფერს წყალში ჩაგიყრის. განსაკუთრებით ებრძვის ადამიანს ბოროტი ლოცვის დროს. თუ ვინმეზე გაბრაზებული ხარ, ძვირის ხსენებით მოგიდგება. თუ ამას აღირებ, მოძღვარი გეტყვის, რომ ეს ბოროტისაგან მოდის. ბოროტიც ხომ გრძნობს ამ კარნახს. თუ ხედავს, რომ ბოროტ აზრებს აღარ იღებ, მერე უკვე მოგიდგება ლოცვის დროს და ისეთ კეთილ აზრებს გაწვდის, რომ მოგწყვეტს ლოცვას. გგონია, რომ უფლისგან მოდის ამგვარი აზრები.

უფალმა იცის, ვის რა დრო აქვს და ვინ როგორ იცხოვრებს. სნეულს, რომელიც ტკივილებს განიცდის, წმინდა მამების გადმოცემით, უფალი წმენდს ცოდვებისგან.
თითოეული ჩვენი ფიქრი, ეჭვი, განცდა კარგად იცის ღმერთმა და ნუგეშსაც გვაძლევს. ღმერთი სიყვარულია და მას სიყვარულითვე უნდა უპასუხო. ადამიანი ბედნიერი იქნება, თუ ღმერთთან ერთად იცხოვრებს. განსაცდლები მოვა, მაგრამ ბედნიერი მაინც იქნები. იობ მრავალვნებული ითმენდა ყოველივეს სიხარულით და მოთმინებით - იცოდა, რომ ღვთისგან იყო, ასევე უნდა ვიყოთ ჩვენც. ნებისმიერი განსაცდელი, პრობლემა, შეურაცხყოფა, ცილისწამება - ყვლაფერი ღვთისგანაა.
შემთხვევით არაფერი ხდება. ვიდრე რაიმეს გადაწყვეტ, კარგად უნდა გააანალიზო. ბერობა შემთხვევით არ ხდება. ბერი მუდამ სიმდაბლისკენ უნდა მიილტვოდეს. ადამიანს მაგალითს აძლევს ეკლესია, ღვთისმსახური, ბერი, მონაზონი. თუ ბერ-მონაზვნობაში ვერ ხედავ საღვთო მოშურნეობას, მაშინ ისიც დაუძლურდება. თუ ბერი შემართებით ცხოვრობს, მის გვერდით მყოფი ერის ადამიანიც მიმბაძველია. თუ ბერი უდებებით, სიზარმაცით ცხოვრობს, ისიც სიზარმაცით იცხოვრებს. ადამიანი მარტო თავის ცოდვებს ვერ გადალახავს, თუ მოძღვარი არ დაეხმარა. ჩვენი ნუგეშიც ის არის, რომ ადამიანი სწორედ მორჩილებით და ღმერთზე მინდობით იცხოვრებს.
რაც უფრო მეტად უახლოვდები უფალს, განსაცდელები მატულობს. ნებისმიერი განსაცდელი ღვთისგანაა და დასათმენია. ამით უნდა ვნუგეშობდეთ. უფალს სურს განსაცდელებით მიგიახლოვოს და მასთან იყო.
ფოტოები აღებულია სურამისა და ხაშურის ეპარქიის გვერდიდან