დაიჩაგრნენ ინგილოები. ძალზე ბევრი ავნო მათ მუსლიმან სასულიერო პირთა მძლავრობამ. თუ გვინდა, პირნათელნი ვიყოთ ღვთის, ისტორიის, საკუთარი სინდისისა და ბოლოს, წმინდა წამებულთა, დასაღუპად განწირული ხალხის წინაპართა წინაშე, დახმარების ხელი გავუწოდოთ მათ, გადავარჩინოთ", - წერდა 1892 წელს მღვდელი ლეონიდე ოქროპირიძე, შემდგომში - კათოლიკოს-პატრიარქი.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ის ტკივილი კი არ განელებულა, პირიქით - უფრო გამწვავდა. ჰერეთშიც, როგორც მთელ საქართველოში, უამრავი პრობლემაა და ეს კუთხე დღესაც ძველებურად ითხოვს ჩვენგან თანადგომას და დიდ სიყვარულს.
ეს ულამაზესი და მადლიანი მხარე შარშან, 6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე მოვინახულე და მოვილოცე. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ჰერეთს ყოველ წელს სტუმრობენ საქართველოდან ჩასული მომლოცველები და ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში მსახურებას ესწრებიან. ეს დღე ყველასთვის დაუვიწყარია. წელს რომელ ტაძარში იდღესასწაულებენ ჰერები გიორგობას, მხოლოდ უფალმა უწყის...
არადა, რაც 1997 წელს, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია დაარსდა და მის მღვდელმთავრად მეუფე სერგი (ჩეკურიშვილი) დადგინდა, მას შემდეგ ამ მხარეში ღვთისმსახურება არ შეწყვეტილა...
შესაძლოა, მავანს ჰგონია, რომ ქურმუხის ტაძარი ქართული არ არის და ჩვენი ქვეყნის წარსულთან საერთოც არაფერი აქვს. ასეთნი მწარედ რომ ცდებიან, ამაზე ყველაზე უკეთ ჩვენი მადლიანი ისტორიის ფურცლები მეტყველებს.

ქურმუხის გუმბათიანი ეკლესია XII-XIII საუკუნეებს მიეკუთვნება. ტაძარს რამდენიმე ლეგენდა უკავშირდება. ჰერების გადმოცემით, წელიწადში ერთხელ - აღდგომა დღეს, დედა ღვთისმშობელი აღებს ქურმუხის ქვეშ გამოქვაბულის კარს, გამოდის და ოქროს სავარცხლით თმას ივარცხნის. ამ დროს გამოფრინდება ოქროს მამალი და ყივილს მორთავს. მას ახლომახლო სოფლის მამლებიც აძლევენ ბანს. ერთხელ, ჩვეულებისამებრ, გამოსულა მარიამ დედა და თმის ვარცხნა დაუწყია. მიჰპარვია ერთი თათარი და მისი დაჭერა მოუნდომებია, მაგრამ ხელი გაშეშებია, ღვთისმშობელი კი სასწრაფოდ შებრუნებულა გამოქვაბულში და კარიც დახშულა. თათარი შეწევნას შევედრებია ღვთისმშობელსა და წმინდა გიორგის. მართლაც განკურნებულა და ქრისტიანობა მიუღია.
ერთ ურწმუნო ვაჭარს ქარავნით აქეთ გამოუვლია, მაგრამ პატივი არ უცია ქურმუხისთვის და წმინდა გიორგის ისიც და მისი აქლემებიც გაუქვავებია. დღეს ქურმუხის ფერდობზე დაყრილ ლოდებზე მორწმუნეები სანთლებს ანთებენ.
ქურმუხამდე მისასვლელად გრძელი, ტყიანი აღმართი უნდა აიარო. გიორგობას აქაურები ამ გზას ფეხშიშველი მიუყვებიან. სწამთ, ასე უფრო შეიწირავს წმინდა გიორგი მათ ლოცვას. დღესასწაულს კი ერთმანეთს ასე ულოცავენ - "შეგეწიოს!" პასუხიც არ აყოვნებს - "დაგიმადლოს!"
ამ ადგილს ოდესღაც ნაქულბაქევი რქმევია. სპარსულად "ქულბაქი" ბაზარს ნიშნავს. ძველად აქ თურმე ბაზრობა იმართებოდა. მონასტრის დამფუძნებლებმა ადგილს ისტორიული სახელი შეუნარჩუნეს და მონასტერს ნაქულბაქევი უწოდეს.

- ჩვენი მონასტერი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და ამიტომ გასაკეთებელიც ბევრია. ყოველი მხრიდან ვგრძნობთ ღვთის წყალობას, ლოცვა-კურთხევას. ვლოცულობთ, რომ მონასტერი მადლმოსილებით დამშვენდეს, აღორძინდეს და ისეთ ადგილად იქცეს, სადაც ყველას გაუხარდება მოსვლა.
გვყავს მგალობლები, მედავითნე. მრევლიც, ღვთის მადლით, იზრდება. გაკეთდა ახალი კანკელი, მოიხატა საკურთხეველი. უწმინდესისგან მივიღეთ ლოცვა-კურთხევა, დაგვეწერა წმინდა გიორგის დიდი ხატი, რომელიც მრევლში დაბრძანდება.
მონასტერს მადლს მატებს მასში დავანებული სიწმინდეები - წმინდა გიორგის, 6000 ბერის წმინდა ნაწილები, სვეტიცხოვლის მირონმდინარე ძელის და წმინდა სერაფიმე საროველის ქვის ნაწილი.
აქ როგორ მოვედი? რამდენიმე თვის ნაკურთხი ვიყავი. მამა სერაფიმე (ჭედაია), ჩემი სულიერი მოძღვარი, და მეუფე პეტრე (ცაავა) უწმინდესთან ბრძანდებოდნენ საღამოს ლოცვაზე. ლოცვის შემდეგ პატრიარქს ნაქულბაქევის მონასტერზე ჩამოუგდია სიტყვა - მინდა, ბერი გავგზავნოო. დამიკავშირდნენ და ასეთი ბერის პოვნა მთხოვეს. უწმინდესს საპატრიარქოში ვეახლე. პატრიარქი მიცნობდა - სიონის ტაძარში თავად მაკურთხა დიაკვნად. სხვა ბერი აღარ უძებნიათ, უწმინდესმა ჯვარი გადამსახა და მითხრა: კარგი მონასტერი უნდა შექმნაო. ეს პასუხისმგებლობა მაფხიზლებს. მოვდუნდები თუ არა, მაშინვე პატრიარქის ლოცვა-კურთხევა მახსენდება.
ღმერთმა მრავალ გიორგობას დაგასწროთ!
თუ გსურთ, შეეწიოთ ნაქულბაქევის მამათა მონასტერს და მის აღმშენებლობაში მიიღოთ მონაწილეობა, გთავაზობთ თი-ბი-სი ბანკის ანგარიშის ნომერს: 220101850.