წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძარი XI საუკუნისაა და 1112 წელს მოუხატავთ, "ხელითა თევდორესითა მეფის მხატვრისა". ოდესღაც ეს ეკლესია მიწისძვრას შეურყევია და კედლის ნაწილი ჩამოქცეულა. აღდგენის შემდეგ მხატვრობა შეუვსია "ანტონის შვილს გიორგის". ერთხელაც, მთის ჩრდილოეთ ფერდზე ტყეს ხანძარი გასჩენია, რომელიც ტაძრის კლდის ძირიდან თითქმის ვერტიკალურად ეშვებოდა ქვემოთ. ამბობენ, ცეცხლის ალი ცას სწვდებოდაო. ალბათ, შესაძლებელი იყო ტაძარიც აალებულიყო, მაგრამ ღვთის შემწეობით და ტაძარში დავანებული მრავალი სიწმინდის მადლით, ტაძარი უვნებლად გადარჩა.


ტაძარში დაბრძანებულია X-XIV საუკუნეების ხატები, ჯვარი და სხვა საეკლესიო ნივთები. ასევე უცხოური წარმოშობის ხატები. მათ შორისა ბიზანტიური სანაწილე ხატი, "შალიანი ხატი", შემკული მინანქრით, ჭედურობითა და ძვირფასი ქვებით. ეს სანაწილე, გადმოცემით, ჩამოუტანია შალიანს, რომელიც სამუშაოდ იყო ბარში ჩასული და სწრაფად დამთავრებული სამუშაოს საფასურში დამქირავებლისგან ეს ხატი მოუთხოვია. ხალხში დღემდე დარჩენილია რწმენა, რომ შალიანის "ხატის განაბანი წყალი ავლენს ყოველივე ბოროტების ჩამდენს" და მძიმე ავადმყოფს კურნავს. განბანილ წყალს სპილენძის სურაში ინახავდნენ, რომელიც ლაგურკას ეკლესიაში იყო დაცული.
"ლაგურკას"ეკლესიის ასაგებად საჭირო ადგილის შერჩევასთან დაკავშირებით ერთ-ერთი გადმოცემა არსებობს: მოუჭრიათ ხე, გამოუთლიათ ძელი, უღელში ორი ხარი შეუბამთ, ძელი უღელზე მიუმაგრებიათ, მასზე "შალიანის" ხატი დაუსვენებიათ და ხარები თავიანთ ნებაზე გაუშვიათ. ღვთის ნებისთვის მიუნდიათ, თუ სად უნდა აეშენებინათ წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძარი. ხარებს მდინარე ენგური გადაულახავთ, აღმართს შესდგომიან და იმ გორაკის წვერზე გაჩერებუან, სადაც შემდეგ ეკლესია აუგიათ.
შეგვეწიოს კალას წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის მადლი!