ღირსი დანიელ ვორონეცელი - 18 (31) დეკემბერი
ღირსი დანიელ ვორონეცელი - 18 (31) დეკემბერი
წმინდა დანიელი XV საუკუნის დასაწყისში დაიბადა ღარიბ მოლდაველთა ოჯახში. დავითის სახელით, 16 წლისა მონაზვნად აღიკვეცა წმინდა ნიკოლოზის სახელობის მონასტერში. სიყრმიდანვე უპოვარებასა და მორჩილებას მიჩვეულმა, თავის ღვაწლს მარხვა და ლოცვა შემატა. ხან ხუთ დღეში ერთხელ იღებდა ხოლმე საკვებს, ღამეებს ლოცვაში ატარებდა, ფსალმუნებს ზეპირათ იტყოდა. თავისი ღვაწლით სულიწმიდის ჭურჭლად შეიქმნა. მღვდლად ხელი დაასხეს და იმ მხარეში სახელი გაუვარდა დაფარულთმცოდნელობისა და სასწაულთმოქმედების ნიჭის გამო, რაც ღვთისგან მიეღო. კაცთაგან დიდებას გაქცეული წმინდა ლავრენტის მონასტერში გადასახლდა, მაგრამ იქაც მოძებნეს მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, რომლებიც მისი ლოცვით ბოროტ სულთაგან და ყოოველგვარი სნეულებისგან იკურნებოდნენ.

დიდ სქემაში აღიკვეცა დანიელის სახელით. დაახლოებით 1450 წელს ღვთისაგან მინიშნება მიიღო და მდინარე პუტნეს ველზე აღმართულ მთაზე, ტყის სიღმეში თავისი ზომის კელია გამოთხარა, რომელიც ეკვდერის მაგივრობასაც უწევდა. დღედაღამ გულისმიერ ლოცვას აღავლენდა და მხოლოდ კვირაობით საღმრთო ლიტურგიისთვის ტოვებდა განდეგილის კელიას. უფალმა მას ამ დიდი ღვაწლისთვის ცრემლთა დენისა და უდიდესი სასწაულების მოხდენის ნიჭი მიმადლა, ვინც მასთან შეწევნისთვის მივიდოდა. მისი სულიერი შვილი იყო მოლდავეთის მთავარი სტეფანე დიდი, რომელიც მისგან რჩევასა და კურთხევას იღებდა თურქებზე გალაშქრების წინ. ღირსმა მამამ დიდ სარდალს მცნებად მისცა, რომ ყოველი გამარჯვების შემდეგ ახალი ტაძარი აეგო. ასე აშენდა 48 ეკლესია. სტეფანე დიდმა დააარსა პუტნეს მონასტერიც (1470 წ.), რომლის წინამძღვრადაც სურდა წმინდა დანიელი, მაგრამ ბერდიდმა უარი უთხრა.

წმინდა დანიელი სულიერი მამა იყო მთელი იმდროინდელი მოლდავური მონაზვნობისა.

როცა პუტნეს მონასტერში მომსვლელი გამრავლდა, მაშინ ღირსმა მამამ გადაწყვიტა დაეტოვებინა თავისი ოცწლიანი განდეგილობის სენაჯკი და ვორონეცის მონასტრის სიახლოვეს, კლდეში ზუსტად ისეთივე ზომის კელია გამოთხარა, რაც აქამდე ჰქონდა და ახლა აქ იმოღვაწევა მთელი ოცი წელი. ღირსმა მამამ თავის ღვთივ სათნო ცხოვრებით აქაც გაუმრავლდა მოწაფეები, რომელთაგან ბევრი შემდგომში სულიწმიდის ჭურჭელნი შეიქმნენ, ან სასწაულთქმედებით სახელით გაითქვეს, ანდა ანდა უმაღლესი ადგილები დაიკავეს საეკლესიო იერარქიაში.

1488 წელს სტეფანე დიდმა მოძღვრის წინაშე დადებული აღთქმისაებრ ვორონეცის მონასტერში დიდი ტაძარი ააგო. ოთხმოცი წლის მამა დანიელი ამ სავანის იღუმენად დაადგინეს. მის ხელში ეს მონასტერი მართლმადიდებელი მონაზვნობის ცენტრი გახდა. წმინდა დანიელი 1496 წელს გარდაიცვალა. რუმინეთის მართლმადიდებელბმა ეკლესიამ ღირსი დანიელი წმინდანად შერაცხა 1992 წელს.

წმინდა დანიელის სენაკი



ბეჭდვა
1კ1