ღირსი პეტრე დაიბადა პონტოში ღვთისმოსავ ოჯახში. მშობლებთან პეტრემ მხოლოდ შვიდ წლამდე იცხოვრა.
მან ღვთის სიყვარულისთვის ფარულად დატოვა მშობლიური სახლი და ჯერ გალატიას, შემდეგ კი იერუსალიმს მიაშურა, სადაც ლოცვით გაძლიერდა.
მოგვიანებით ღირსი მამა ანტიოქიაში დამკვიდრდა. აქ წმინდანმა ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი. საზრდელს მხოლოდ დღეგამოშვებით იღებდა.
გულმოდგინე მოღვაწეობისთვის მან უფლისგან სასწაულქმედების ნიჭი მიიღო. მას უფლის წყალობით ეშმაკეულთა განდევნაც შეეძლო. ერთხელ მან ეშმაკისაგან გაათავისუფლა ვინმე დანიელი, რომელიც განკურნების შემდეგ ღირს მამას დაემოწაფა.
მისი ღვთივსათნო ცხოვრების შესახებ მთელ ანტიოქიაში გახდა ცნობილი. ღირსი მამა 429 წელს გარდაიცვალა, 90 წლისა. იგი წელიწადში ორჯერ იხსენიება, 01 თებერვალს და ძველი სტილით 25 ნოემბერს.