

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მამუკა ცუხიშვილის განმარტებით, ერთ-ერთი პირველი აღწერა კაცხის ტაძრისა ეკუთვნის პლატონ იოსელიანს 1845 წელს. მისი სიტყვებით ტაძარის ირგვლივ იყო მაღალი ცაცხვის ხეები. აშენებულია 1032 წელს ქართველი მეფის ბაგრატ IV კურაპალატის და მისი მეუღლის ელენეს მიერ, რომელიც ბერძენი იმპერატორი რომან არგირის ძმისშვილი იყო. კაცხის ტაძრის ანაზომები გაუკეთებია ჯერ ფრანგ არქიტექტორ რიოარდს ხოლო მოგვიანებით კი მოგზაურ დიუბუას, რომელსაც დაუკოპირებია შემდეგი წარწერა: " ქ. სამებაო მოიხსენე წყალობით სული ჯიხუაის-ძისა ამის ეკლესიისა ამის მოძღუარისა ამინ. " დიუბუას სიტყვებით იგი ნამდვილად ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლს წარმოადგენს და გამოთქვამს მოსაზრებას რომ უნდა იყოს ნიკორწმინდის თანადროული. მისი გადმოცემით, ტაძარში ოთხი საკურთხეველია ერთი ცენტრალური -მაცხოვრის ამაღლების, მეორე - წმინდა ნიკოლოზის, მესამე - მთავარანგელოზ მიქაელის და მეოთხე - ღვთისმშობლის შობის. გურიის ეპისკოპოსი ექვთიმე იყო ტაძრის წინამძღვარი 1838 წლამდე. დანარჩენი დაწვრილებითი ინფორმაცია უნდა მოიპოვებოდეს აბაშიძეების საგვარეულო არქივში.
